ნათია თურნავა: საქართველო მყარად ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებისა და ინფლაციის შემცირების თვალსაზრისით

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფორუმი ორი დღის განმავლობაში თავს მოუყრის ფინანსური ბაზრების წარმომადგენლებს, ინვესტორებს, ცენტრალური ბანკების მმართველებსა და პოლიტიკოსებს 45-ზე მეტი ქვეყნიდან.

ფორუმის ფარგლებში ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილმა შეხვედრა გამართეს საერთაშორისო ინვესტორებთან. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობისა და ფინანსური ბაზრების დეპარტამენტების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილმა საერთაშორისო ინვესტორებს საქართველოს ფინანსური და მაკროეკონომიკური გარემოს შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. პრეზენტაციისას ნათია თურნავამ ინვესტორებს მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები და მიღწეული შედეგები გააცნო, ასევე ისაუბრა ბოლო თვეებში ინფლაციის დონის შემცირებაზე. ამასთან, მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს ფინანსური და საბანკო სექტორის სტაბილურობასა და სიმყარეს.

“საკმაოდ წარმომადგენლობითი და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა საერთაშორისო ინვესტორებთან, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათი მხრიდან საქართველოთი დაინტერესებას. რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველო დღეს მყარად ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების და ინფლაციის შემცირების თვალსაზრისით, რაც ერთგვარად ზრდის ინვესტორთა მხრიდან ინტერესს”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ ისეთი ცნობილი კომპანიებსა და საინვესტიციო ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორებიც არიან Artisan Partners, Fim Partners, Union Investment, AllianzGI, Danske Bank და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები