ჯანმო: მსოფლიოში თამბაქოს მომხმარებელთა რიცხვი შემცირდა

მსოფლიოში თამბაქოს მომხმარებელთა რიცხვი, ბოლო ორი წლის განმავლობაში, 19 მილიონით შემცირდა და 1,25 მილიარდს მიაღწია.

ამის შესახებ ჯანმო-ს ჯანმრთელობის ხელშეწყობის დეპარტამენტის დირექტორმა, დოქტორ რუდიგერ კრეჩმა განაცხადა.

“ასეთი კლების პირველი შემთხვევაა. და ეს ხდება იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოს მოსახლეობის ზრდა გრძელდება და ამ ხნის განმავლობაში 149 მილიონი ადამიანით გაიზარდა“, – თქვა მან ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.

ბოლო 20 წლის მაჩვენებლების შედარებისას კრეჩმა აღნიშნა, რომ 2022 წელს მსოფლიოში ყოველი მეხუთე ზრდასრული იყო მწეველი, ხოლო 2000 წელს ეს ცუდი ჩვევა ყოველ მესამეს ჰქონდა.

ჯანმო-ში აღნიშნავენ, რომ თამბაქოს მოხმარების კლების ტენდენცია 150 ქვეყანაში შეინიშნება, რომელთაგან 56 უახლოვდება 2025 წლისთვის სამიზნე მაჩვენებელს -30%-ს.

მისივე თქმით, თამბაქოს მოხმარების შემცირების ყველაზე სწრაფი ტენდენცია შეინიშნება საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში, მაშინ როდესაც ორი ათეული წლის წინ, ამ ქვეყნებში ნიკოტინის მოხმარების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები იყო.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ დღესდღეობით მოსახლეობაში თამბაქოს მოხმარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშია – 26,5%, თუმცა, აქვე მოხმარების კლების სწრაფი ტენდენციაც შეინიშნება.

ევროპის რეგიონში მაჩვენებელი მცირედით განსხვავდება – 25,3 %. აღნიშნულია, რომ ევროპის რეგიონში ქალებში თამბაქოს მოხმარება ორჯერ აღემატება გლობალურ საშუალო მაჩვენებელს და გაცილებით ნელა იკლებს.

აფრიკის რეგიონს თამბაქოს მოხმარების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს – 2000 წელს 18%-დან 2022 წელს – 10%-ზე ნაკლებამდე შემცირება ფიქსირდება. თუმცა, მოსახლეობის ზრდის გამო, 2030 წლისთვის აქ თამბაქოს მეტი მომხმარებელი იქნება.

თამბაქოს მოხმარება მცირდება დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონის, თითქმის, ყველა ქვეყანაში, მაგრამ საშუალო მაჩვენებელი აქ ყველაზე ნელია. აღნიშნულია, რომ ეს დიდწილად, გამოწვეულია ჩინეთში ნელი ცვლილებებით, რომელიც რეგიონში თამბაქოს მომხმარებელთა 79%-ს შეადგენს.

ამერიკის რეგიონის ქვეყნების მესამედზე მეტი 2030 წლისთვის თამბაქოს მოხმარების 30%-იანი შემცირების მიზნის მიღწევას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები