ივანე ჩხაიძე: ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში გრიპის ვირუსის ხვედრითი წილი მკვეთრად გაზრდილია
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში გრიპის ვირუსის ხვედრითი წილი მკვეთრად გაზრდილია. ამის შესახებ ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“საინტერესო და მნიშვნელოვანი გრიპის ვირუსის დინამიკა გახლავთ. თუ 2024 წლის პირველი კვირის მონაცემებს გადავხედავთ, ნათლად ჩანს, რომ ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში გრიპის ვირუსის ხვედრითი წილი მკვეთრად გაზრდილია. თუ 2023 წლის 49-ე კვირას მაჩვენებელი 16 % იყო, 52 -ე კვირას 28 % გახდა. მიმდინარე წლის პირველ კვირას კი ეს მაჩვენებელი უკვე 52 %-ს შეადგენდა. ნათლად ჩანს, რომ გრიპის შემთხვევების რაოდენობა, ახლა, გრიპის სეზონის დასაწყისიდან დღემდე, მაქსიმალური ინტენსივობითაა წარმოდგენლი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ 52 %-ში, 46 % H 1 ტიპის ვირუსია, 6 % კი H3 ტიპის. უკვე დომინანტურია გრიპის ვირუსი, რაც მომართვიანობის გაზრდაზე აისახა კიდევაც. გრიპით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა , ყოველ შემთხვევაში პედიატრიულ კლინიკებში, წინა კვირებთან შედარებით მკვეთრად გაზრდილია. თუმცა, თუ 2023 წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ , პირიქით , წლევანდელი წელი გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევების რაოდენობით ნაკლებად გამოირჩევა. როცა შემთხვევების რაოდენობაზე ვსაუბრობთ, მხედველობაში გვაქვს ის, თუ 100 000 მოსახლეზე რამდენი შემთხვევა ფიქსირდება. თუ წინა წლებში ეს მაჩვენებელი 380-390 იყო, ახლა 180- 190-ია. მატების შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა სწორედ ახლაა და სავარაუდოდ, გრიპის მხრივ აქტიურობა იანვრის ბოლომდე იქნება შენარჩუნებული”- განაცხადა ჩხაიძემ.
მანვე განმარტა, როგორ დავიცვათ თავი გრიპის ვირუსისგან.
“როცა პრევენციულ რეკომენდაციებზე ვსაუბრობთ, 2 განსხვავებული მიდგომაა. ერთი, ყველაზე ეფექტიანი ვაქცინაციაა. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის იდეალური პერიოდი ოქტომბერი- ნოემბერის პირველი ნახევარია. ამ დროს გაკეთებული ვაქცინა გრიპის მთელი სეზონის განმავლობაში დაცვას გვაძლევს. თუ ვინმეს ვაქცინის გაკეთება ახლა აქვს გადაწყვეტილი, ახლაც შესაძლებელია, ოღონდ, ერთი ნიუანსია გასათვალისწინებელი, ვაქცინის გაკეთების შემდეგ მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რომ 10 დღე მაინც იზოლირებული იყოთ, მინიმუმადე კონტაქტი გქონდეთ, მხოლოდ ნიღბით გადაადგილდეთ. ორგანიზმი თავის მაქსიმალურ დაცვას გრიპის ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინის გაკეთებიდან 2 კვირის შემდეგ პერიოდში ავლენს. ეს 2 -კვირიანი ღიაობის პერიოდი მაქსიმალურად ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყოთ, რათა ინფიცირება არ მოხდეს. დანარჩენი რეკომენდაციებია: ნიღბის ტარება, დისტანცირება, ხელების ჰიგიენა. საყოფაცხოვრებო პირობებში სახლის ხშირი განიავება, სამუშაო სივრცის განიავება, სველი წესით დალაგება. დისტანცირებაზე ერთი განსხვავებაა: თუ კორონავირუსის დროს 2- მეტრიანი დისტანციის აუცილებლობაზე ვსაუბრობდით, გრიპის შემთხვევაში ეს შედარებით ნაკლებია და 1 მეტრი დისტანცია საკმარისად ითვლება იმისთვის, რომ თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ.
გრიპის შემთხვევაში რისკის ჯგუფებს წარმოადგენენ: 5 წლამდე ასაკის ბავშვები, 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, სამედიცინო პერსონალი და ა.შ. რისკის ჯგუფის შემთხვევაში გაცილებითი მეტი ყურადღება, საფრთხილეა საჭირო, განსაკუთრებით ბავშვებში, როდესაც მაღალი ტემპერატურით მიმდინარე დაავადება გვაქვს, ანტივირუსული პრეპარატის ჩართვის დროულობა აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. ითვლება, რომ გრიპის საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატი მაქსიმალურ ეფექტიანობას სიმპტომების გამოვლენიდან პირველი 48 საათის განმავლობაში ავლენს. მნიშვნელოვანია, მშობლებმა დროულად მიმართონ ექიმს და ექიმი გადაწყვეტს, ამ პრეპარატის დანიშვნა არის, თუ არა აუცილებელი. დანარჩენი მართვა 2 რეკომენდაციას ეფუძნება, მაღალი სიცხის დროს ( 38 , 5 და მეტი), სიცხის დამწევის მიცემა, სითხეების დიდი რაონდეობით მიღება, მოსვენებულ მდგომარეობაში ყოფნა.”- განაცხადა ჩხაიძემ.
თამუნა შეყილაძე