“მეუფე პეტრეს დათვმა შვილიშვილი შემიჭამა“- სოფელ სალხინოში მხეცმა ოთხი ადამიანი დაგლიჯა
ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს (პაატა ცაავას) ათი წლის უზარმაზარმა მურა დათვმა უკვე ოთხი ადამიანი დაგლიჯა, – ამის შესახებ გაზეთი „ასავალ-დასავალი“ სტატიას აქვეყნებს. გამოცემასთან ერთ-ერთი დაზარალებულის ბაბუა ჰყვება, თუ როგორ დაგლიჯა მხეცმა მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში მისი 13 წლის შვილიშვილი დიმა კაკულია. მოზარდის გადარჩენა მეზობლებმა შეძლეს თუმცა, მას ქვედა კიდურზე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
“15თებერვალს დაგვემართა ეს უბედურება. ჩვენი მეზობლის გოგო გათხოვდა მარტვილის რაიონის სოფელ აბედათში და ნეფე-პატარძალს ჯვარი უნდა დაეწერათ მარტვილში. ახალგაზრდები და მათ შორის ჩემი შვილიშვილი – დიმა კაკულია ჯვრისწერის ცერემონიალს დაესწრნენ და მერე სასწრაფოდ გაეშურნენ სოფელ სალხინოში დადიანების რეზიდენციის დასათვალიერებლად. ამის შემდეგ უნდა წასულიყვნენ ქორწილში, სალხინოში, მეუფე პეტრეს რეზიდენციასთან რომ მისულან, მეუფეს დიდი დათვი ჰყოლია გალიაში, ბავშვებს ამ გალიასთან დაუწყიათ სურათების გადაღება. გალიის გისოსები ისე ყოფილა დაშორებული ერთმანეთისგან, რომ დათვი ტორებს და თავს გალიის გარეთ თავისუფლად ჰყოფდა. ჩემი შვილიშვილი დიმა რომ დამდგარა გალიასთან, მეგობარს, ჩვენი მეზობლის ბავშვს უნდა გადაეღო სურათი, მაგრამ მოულოდნელად დათვმა გალიიდან ტორი გამოყო, რომელიც ბავშვს ფეხში გამოსდო და დიმა წააქცია.წაქცეული ბავში დათვმა მარჯვენა ფეხით შეითრია გალიისკენ და დიმას იმ მარჯვენა ფეხზე ჩააფრინდა, ერთ-ერთმა მეზობელმა რკინის ნაჭერი დასცხო დათვს ცხვირზე და ასე გააგდებინეს მხეცს ბავშვის მარჯვენა ფეხი პირიდან“, – აცხადებს პატიკო გულორდავა.
მისივე თქმით, ბავშვს მარტვილის საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს და მარჯვენა ფეხზე 42 ნაკერი დაადეს. “მარტვილში ბავშვის სანახავად რომ ჩავედი, ექიმმა მიხეილ გაბისონიამ მითხრა, ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როცა მეუფე პეტრეს დათვმა ადამიანი დაგლიჯაო“, – აცხადებს დაზარალებულის ბაბუა. პატიკო გულორდავა გულდაწყვეტით აღნიშნავს, რომ მეუფე პეტრეს მისი შვილიშვილი არ მოუკითხია.