ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზაში ჩავიდა და ჯარისკაცებს შეხვდა
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზაში ჩავიდა და ისრაელელ ჯარისკაცებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მედია პრემიერის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
მთავრობის ხელმძღვანელმა ადგილზე, ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურებისგან „ჰამასის“ წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობისა და დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალისა და გვირაბების შესახებ ინფორმაცია მიიღო.
„ვიცი, რომ თქვენ ოჯახები დატოვეთ და ასევე ვიცი, რომ ოჯახები მხარდაჭერას გიცხადებენ. ეს არის ის ძალა, რომელიც გამარჯვების გასაღებია. თქვენთვის ორი რამ მაქვს სათქმელი. პირველი – ყველაფერს გავაკეთებთ თქვენი უსაფრთხოებისთვის, თქვენი სიცოცხლისთვის. ჩვენ გვინდა, რომ ეს მისია დავასრულოთ, მაგრამ ჩვენი სურვილია დაგიცვათ იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია.მეორე – ჩვენ არ გავჩერდებით, ყველას, ვინც გაჩერებაზე საუბრობს ვეტყვი – არა. ჩვენ არ ვჩერდებით. საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. მანამ ბოლოს არ მოვუღებთ, იქამდე არ გავჩერდებით“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.