ირაკლი ქადაგიშვილი: საზოგადოება ხედავს, რომ „ლელოს“ მესვეურები არ არიან ახალი სახეები ქართულ პოლიტიკაში
მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა.
„რა თქმა უნდა, ის გულისხმობს „ქართულ ოცნებასაც“, მაგრამ ამავდროულად გულისხმობს „ნაციონალურ მოძრაობას“. პირველ ყოვლისა, ისიც ცდილობს, ახლა თქვას, რომ ჩვენ ვართ სუფთა, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არაფერი გვაკავშირებს. ის, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყანა ასეთი რყევის ქვეშ ჰყავდათ, ეს ყველაფერი ხალხმა დაივიწყოს. ეს განცხადება ამისკენ არის მიმართული. ამასთან, საზოგადოება იმასაც ხედავს, რომ არც „ლელოს“ მესვეურები არ არიან ახალი სახეები ქართულ პოლიტიკაში.
ზოგადად, არჩევნებიდან არჩევნებამდე ახალი პოლიტიკური ძალების გაჩენა, ქვეყნისა და მისი პოლიტიკური ცხოვრების მდგრადობაზე ეს მთლად კარგის მიმანიშნებელი არ არის. ის, რომ „ქართული ოცნება“ მდგრადი განვითარების გარანტორია, ეს ამომრჩევლების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაინახა. მათ შორის, იმ ამომრჩეველმა, რომელიც ჯერ კიდევ მერყევია და ახლა ფიქრობს, მომავალი არჩევნებისთვის საით გააკეთოს მან არჩევანი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა “ქრონიკის” ეთერში საუბრისას.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა: “არავითარ შემთხვევაში, არ შეიძლება იმ პოლიტიკოსების მოშვება ხელისუფლებაში, რომლებმაც უხეშად დაარღვიეს ქართველი ადამიანის, მოქალაქეების და ადამიანის უფლებები სულ რაღაც უახლოეს წარსულში. ყველა ხვდებით, ვისზეა საუბარი. არაფრით არ შეიძლება მათი მოშვება ხელისუფლებაში. ამიტომ, ეს ორი ძველი პარტია და ძველი მენტალიტეტი უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში. ამის რეალური ალტერნატივა ვართ ჩვენ, პარტია „ლელო“.