ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ უდიდეს ძალისხმევას ვდებთ განათლების სისტემის განვითარებაში (ვიდეო)

ჩვენ უდიდეს ძალისხმევას ვდებთ განათლების სისტემის განვითარებაში, რათა ბავშვებს ყველა პირობა ჰქონდეთ ხარისხიანი განათლების მისაღებად, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისის 133-ე საჯარო სკოლაში სტუმრობისას.
15 სექტემბრის დილა მთავრობის მეთაურმა 133-ე სკოლის მონახულებით დაიწყო. მან სკოლის აღსაზრდელებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. პრემიერის განცხადებით, სასიხარულოა, რომ მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება განახლებულ სკოლაში უწევთ.
“მე დღეს თქვენთან მოვედი იმიტომ, რომ მოგილოცოთ ახალი სასწავლო წლის დაწყება ამ მშვენიერ, განახლებულ სკოლაში! ვულოცავ თითოეულ მოსწავლეს! ვულოცავ პედაგოგებს! განსაკუთრებით ვულოცავ ამ დღეს პირველკლასელებს! მინდა, ყველას გისურვოთ წარმატებები! გისურვებთ, რომ აქ, ამ სკოლაში გატარებული წლები ყოფილიყოს გამორჩეულად საინტერესო პერიოდი თქვენს ცხოვრებაში. პედაგოგების როლი ბავშვის აღზრდასა და ჩამოყალიბებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პედაგოგის პროფესია გახდეს ღირსეული და დაფასებული, რათა მათ აღზარდონ ღირსეული თაობა,”-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა განახლებული სკოლა დაათვალიერა, რომელსაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. პრემიერის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა 1000-ზე მეტ სკოლაში და ასევე შენდება ახალი სკოლები.
პედაგოგებთან საუბრისას, პრემიერი მასწავლებელთა ხელფასების ზრდის საკითხსაც შეეხო. მისი განცხადებით, 2012-2013 წლებში გაიზარდა პედაგოგებისა და სკოლის სხვა პერსონალის ხელფასი, გაუმჯობესდა პედაგოგის საშვებულებო პირობები.
“მინდა გითხრათ, რომ 2015 წელს დამატებით გამოიყოფა ფინანსური რესურსები და დაიწყება მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება. მასწავლებლის ხელფასი გაიზრდება 2016 და 2017 წლებშიც. მასწავლებლის ანაზღაურების ზრდა დამოკიდებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ მის მიღწევებზე. ეს თითოეულ თქვენგანს გაუზრდის მოტივაციას,”- განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სკოლის პედაგოგებს.
133-ე საჯარო სკოლის დირექტორმა ლიანა ფუტკარაძემ პრემიერ-მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია სკოლის შესახებ. მისი განმარტებით, სკოლაში 730 მოსწავლე სწავლობს. მიმდინარე წელს სკოლას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია, მოეწყო ექიმისა და ფსიქოლოგის კაბინეტი, გაკეთდა ახალი სპორტული დარბაზი. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის – მოწყობილია მათ საჭიროებაზე მორგებული სასწავლო ოთახი.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=7kn06ZA5N-s” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები