მიხეილ სარჯველაძე: სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანაზე საუბრის დაწყება არის იმ ალიანსის შენიღბვა, რომელიც გახარიას პარტიას „ნაცმოძრაობასთან“ გააჩნია
მმართველი გუნდის წევრი, მიხეილ სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილის კლინიკიდან საპატიმროში გადაყვანის შესახებ „საქართველოსთვის“ წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანაზე საუბრის დაწყება არის იმ ალიანსის შენიღბვა, რომელიც გახარიას პარტიას „ნაცმოძრაობასთან“ გააჩნია.
„სააკაშვილის კლინიკური მდგომარეობის თაობაზე მსჯელობაში ყველაზე კომპეტენტურ ხალხად ვერ მივიჩნევთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, ან კონკრეტულად გახარიას პარტიას. ამის გათვალისწინებით, მათი მხრიდან საუბრის დაწყება სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით იმ ფონზე, როდესაც ძალიან კარგად იციან, რომ ერთადერთი კრიტერიუმი, რითაც ეს საკითხი წყდება, არის სამედიცინო დასკვნა. ამ ფონზე ამ საუბრის წამოწყება მე ვფიქრობ, რომ არის ერთგვარი შენიღბვის შესაძლებლობა იმ ალიანსისა, რომელიც გააჩნია ამ პოლიტიკურ პარტიას „ნაციონალურ მოძრაობასთან“, – აღნიშნა სარჯველაძემ.