“ბელგრადში საპროტესტო აქციების უკან კოლექტიური დასავლეთი დგას” – რუსეთის საგარეო უწყება
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ბელგრადში საპროტესტო აქციების უკან კოლექტიური დასავლეთი დგას.
“აშკარაა კოლექტიური დასავლეთის მცდელობები, შეარყიონ ვითარება ქვეყანაში „მაიდანის გადატრიალების“ ტექნიკის გამოყენებით“, – განაცხადა მან.
ზახაროვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სიტუაციაზე ერთადერთი შესაძლო რეაქცია არის კონსტიტუციის მკაცრი დაცვა, სერბი ხალხის არჩევანის პატივისცემა, რომელმაც ხმა ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ მისცა.
ბელგრადში ოპოზიცია 17 დეკემბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და მათ გაუქმებას ითხოვს. 18 დეკემბერს ოპოზიციის მომხრეები ქვეყნის ცესკოს შენობასთან შეიკრიბნენ, გუშინ კი საქალაქო ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც ისინი პოლიციამ დაარბია.
პრეზიდენტმა, ალექსანდრე ვუჩიჩმა თქვა, რომ მოსალოდნელი არეულობის შესახებ “უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები” აფრთხილებდნენ და, როგორც გაირკვა – ეს რუსეთის სპეცსამსახურები იყო.
როგორც ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ანა ბრნაბიჩმა განაცხადა, მიღებული ინფორმაცია დასავლელ დიპლომატებს აცნობა, თუმცა, მათმა დიდმა ნაწილმა ის სერიოზულად არ მიიღო.
მისივე თქმით, სერბეთში „ახალი მაიდანი“ არ იქნება.