წყლის რესურსის მართვის რეფორმაზე ბათუმში შეხვედრა გაიმართა
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და USAID–ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ორგანიზებით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, წყლის რესურსის მართვის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
პარლამენტის ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე მიესალმა, რომელმაც წყლის რესურსების მართვის კანონსა და მასში ასახულ სიახლეებზე ისაუბრა.
„წყლის რესურსების მართვის ახალი კანონი პარლამენტმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიიღო. კანონი წყლის რესურსების სწორად მართვის ერთ-ერთ მთავარ ბერკეტს წარმოადგენს, მათ შორის კლიმატის ცვლილებების გათვალისწინებით. დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანია წყლის რესურსების კანონის ძირითადი მიზნების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა და რესურსების მართვის პროცესში მუნიციპალიტეტების ჩართულობის როლის გაძლიერება. ეს არის კანონი, რომელმაც წყლის რესურსების მართვის სწორი მიმართულებების საფუძველი უნდა შექმნას”, – განაცხადა მაია ბითაძემ.
კანონის მნიშვნელობაზე USAID -ის კავკასიის ეკონომიკური მმართველობის ოფისის დირექტორმა მიშელ კოშელსკიმ ისაუბრა. მისი თქმით, კანონი მოსახლეობას ხარისხიანი წყლის რესურსებთან წვდომაში დაეხმარება და გარემოს დაცვითი მიმართულებით მნიშვნელოვანი დოკუმენტია.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო თანდილაშვილის შეფასებით, კანონი, რომელიც 2026 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება, წყლის რესურსების მდგრადი მართვის პრინციპებს მოიცავს.
მისივე თქმით, კანონით წყლის რესურსების მართვის კუთხით, მუნიციპალიტეტებისთვის მთელი რიგი ვალდებულებები შემოდის.
„მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ტიპის საზოგადოებრივ ფორუმებზე ადგილობრივი ხელისუფლებების წარმომადგენლებს და მოსახლეობას გავაცნოთ თუ რა სიახლეებს ითვალისწინებს აღნიშნული კანონი”, – განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
საზოგადოებრივ ფორუმზე ღონისძიების მონაწილეები წყლის რესურსების მართვის რეფორმის ძირითად მიმართულებებს და პრინციპებს გაეცნენ.