ირაკლი ქარსელაძე: წყალმომარაგება არის გამოწვევა, თუმცა, გვაქვს ხელშესახები პროგრესი
„წყალმომარაგება არის გამოწვევა, თუმცა, ამასთანავე, გვაქვს ხელშესახები პროგრესი”,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მიზანია, რომ 2030 წლის ბოლოს უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგება იყოს.
“მათ შორის, 2023 წლის მდგომარეობით, მნიშვნელოვანია ის, რომ პრემიერმინისტრის მიერ ინიცირებული ხედვა 2030-ის ფარგლებში ჩვენს სამინისტროს როგორც საგზაო, ასევე, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მიმართულებით აქვს განსაზღვრული შესაბამისი მიზნები და ამოცანებიც, რომელთა ფარგლებშიც ჩვენ მივყვებით გეგმას, რაც ითვალისწინებს 2025 წლის ბოლოს ყველა ქალაქში 24-საათიანი წყალმომარაგების არსებობას. ამ გეგმის პარალელურად, სხვადასხვა მდებარეობაში გათვალისწინებულია პროექტების განვითარება ისე, რომ 2030 წლის ბოლოს უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით გვქონდეს სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგება“, – განაცხადა ქარსელაძემ.