მნიშნელოვანია ის, რომ მოხსენება მთლიანად იყო მიმართული მთავრობის საქმიანობის გაშუქებისკენ და იყო მეტწილად ციფრები და სტატისტიკა. ციფრები ყოველთვის უფრო დამაჯერებელია, ვიდრე უბრალოდ სიტყვები”, – ასე აფასებს “კვირასთან” საუბარში სამხედრო ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე პრემიერის, მთავრობის 2023 წლის ანგარიშს.
როგორც სალუქვაძე აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ ერთ მოხსენებაში თავმოყრილი იყო არა მხოლოდ გასული წლის, არამედ – „ქართული ოცნების“ მთელი საქმიანობა.
“ეს ძალიან კარგი მასალაა ექსპერტებისა და ხელისუფლების ოპონენტებისთვის იმისათვის, რომ თუნდაც კრიტიკული თვალით შეაფასონ ხელისუფლების საქმიანობა.
იყო უფრო ტექნოკრატული მოხსენება, რაც გაცილებით უფრო ეფექტიანია მსმენელისთვის. კონკრეტული ციფრების მოსმენა მნიშვნელოვანია ამომრჩევლებისთვისაც.
ხელისუფლების ოპონენტები მუდმივად აკრიტიკებენ ეკონომიკურ მაჩვენებლებს. იმ ციფრებში, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გაახმოვანა მოხსენებაში, ვისაც აქვს უნარი – დაინახავს, თუ სად და როგორ მიედინება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და როგორ აისახება ეს კონკრეტულად მოსახლეობაზე.
გამოვყოფდი ბიუჯეტის ზრდას თავდაცვის მიმართულებით, მილიარდ სამას მილიონზე მეტი იქნება, მათ შორის, პრემიერმა ისაუბრა შესყიდვებთან დაკავშირებით, სამხედრო მრეწველობაზე და ა.შ. ვფიქრობ, თავდაცვის ბიუჯეტის ზრდის ტენდენცია უნდა გაგრძელდეს. დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რესურსებსა და მარაგებს. ასევე, მისასალმებელია ხელფასების ზრდის ტენდენცია, რომელიც არამხოლოდ ძალოვან სტრუქტურებშია ბოლო რამდენიმე წელია”, – აღნიშნა ანალიტიკოსმა.
ამირან სალუქვაძე პრემიერის ანგარიშიდან ორ სფეროს გამოჰყოფს, რომელიც, მისი თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია და მიიჩნევს, რომ ამ სფეროებში პროგრესი ხელშესახებია.
“თავდაცვის სფეროს გარდა, კიდევ გამოვყოფდი ორ სფეროს, რაც ჩვენნაირი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ხელისუფლება არის ორიენტირებული ამ სფეროებზე. ეს არის ჯანდაცვა და განათლება.
განათლება აბსოლუტურად ყველაფრის საფუძველია. ხარისხიანი და საფუძვლიანი განათლების გარეში სერიოზული წინსვლა ვერ გვექნება. ასევე, მნიშვნელოვანი სექტორია ჯანდაცვა. ამ ორ სექტორზე გაისად დაიხარჯება 10 მილიარდი დაახლოებით.
ჯანდაცვის სფეროზე რომ ვისაუბროთ, საკმაოდ საინტერესო რიცხვები გაჟღერდა. თუ არ ვცდები, 9 მილიარდი დაიხარჯა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, ეს ნიშნავს ძალიან ბევრ გადარჩენილ და გახანგრძლივებულ სიცოცხლეს. აღარ ვსაუბრობ მძიმე დაავადებებზე, რომელთა მკურნალობის ხარჯებს მთლიანად თავის თავზე იღებს სახელმწიფო, მაგალითად, ონკოლოგიურ დაავადებებს, ღვიძლის გადანერგვის დაფინანსებას.
კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ ამ მონაცემებს, რაც გაჟღერდა საექსპერტო, წრეებში დიდი გამადიდებელი შუშით უნდა დააკვირდნენ, შეაფასონ და სადაც თვლიან, რომ არის გასაუმჯობესებელი, იმ საკითხზე შევიდნენ საქმიან დებატებში”, – განაცხადა სალუქვაძემ.
ინფორმაციისთვის, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის საქმიანობის ანგარიში გუშინ წარადგინა.