საქართველოს პრემიერმინისტრის წლიურ ანგარიშს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ეხმაურება.
როგორც მაია ომიაძემ “კვირასთან” საუბარში განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშში წარმოდგენილი იყო ის პროგრესი, რასაც ტურიზმის მიმართულებით საქართველომ 11 წელიწადში მიაღწია.
„საქართველოს პრემიერმინისტრმა ანგარიშში მნიშვნელოვანი დრო დაუთმო ტურიზმის სფეროში ხელშესახებ მიღწევებზე საუბარს, რომელიც ციფრებით, ეკონომიკური ზრდით, გაზრდილი შემოსავლებითა და სამუშაო ადგილებით დასტურდება და რომელმაც ტურიზმის ინდუსტრია საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან რგოლად აქცია.
სწორედ საქართველოს ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკით, სხვადასხვა უწყების კოორდინებული ქმედებებით, ტურიზმის აღდგენა სწრაფი ტემპით განხორციელდა, ხოლო 2023 წლის 3 კვარტალში საერთაშორისო ტურიზმიდან საქართველომ რეკორდული შემოსავალი მიიღო. საქართველოს მთავრობის და მისი მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობის შედეგად, ქვეყანაში გატარდა მნიშვნელოვანი რეფორმები, მაღალ დონეზეა უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურა და ყველა ის სფერო, რაც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია ტურიზმთან. შედეგად, ჩვენს ინდუსტრიაში წლიდან წლამდე იზრდება სამუშაო ადგილები, შემოსავლები, სასტუმროების, კვების ობიექტების და ტურიზმთან ასოცირებული სხვადასხვა ბიზნესის რაოდენობა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებამ ხელი შეუწყო მაღალმთიან რეგიონებში ადგილობრივების დასაქმებას, მათი ბიზნესის გაძლიერებას და წარმოების გაზრდას“, – განაცხადა მაია ომიაძემ.
საქართველოს პრემიერმინისტრმა ყოველწლიურ ანგარიშში ტურიზმიდან გაზრდილი შემოსავლების, ITB ბერლინის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარდგენის და ახალი განთავსების ობიექტების გახსნის შესახებ ისაუბრა.