დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა თემატური მოკვლევის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები მოისმინა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ინოვაციების ხელშემწყობი ინსტრუმენტების განვითარების საკანონმდებლო ჩარჩოსთან დაკავშირებით” ჩატარებული თემატური მოკვლევის დასკვნის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციები მოისმინა. რეკომენდაციები კომიტეტს ექსპერტმა მიხეილ სხიერელმა წარუდგინა.

მისი თქმით, თემატური მოკვლევის კითხვები შეეხებოდა ხელოვნური ინტელექტის განვითარების ხელშეწყობას და ქვეყნის ჩართულობის გაზრდას გლობალურ AI-თან დაკავშირებულ პროცესებში. ასევე  სკოლებში ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის სფეროში პრაქტიკული განათლების შეტანის საკითხს,  თბილისსა და  რეგიონებში სტარტაპ აქსელერატორების და ინკუბატორების განვითარების შესაძლებლობას და ფინტექ სტარტაპების დაშვებას საბანკო ეკოსისტემასთან ღია ინტერფეისების (Open API) გამოყენებით.

კვლევის პროცესში ჩატარებული შეხვედრების და პასუხების გაანალიზების შედეგად მიღებული დასკვნის საფუძველზე განისაზღვრა, რა ცვლილებებია საჭირო ინოვაციებისთვის ხელსაყრელი და წამახალისებელი საკანონმდებლო ჩარჩოს შესაქმნელად. ასევე შემუშავდა რეკომენდაციები, რომლებიც შესასრულებლად  შესაბამის უწყებებს გადაეგზავნება.

კომიტეტმა თემატური მოკვლევის შედეგად მიღებულ რეკომენდაციებს მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები