შალვა პაპუაშვილი: პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ მომწიფდა, ევროკავშირს შეუძლია, დღესვე გაგვიხსნას მოლაპარაკებები

ობიექტურად რომ შევადაროთ საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცეგოვინა და ბევრი მოქმედი კანდიდატი ქვეყანა, საქართველო ლიდერია – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ მომწიფდა, ევროკავშირს შეუძლია, დღესვე გაგვიხსნას მოლაპარაკებები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

„მას შემდეგ, რაც საქართველოს უარი ეთქვა წინა ჯერზე კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზე, როგორ მოიქცა საქართველოს ხელისუფლება, ერთი მხრივ, იმისთვის, რომ არცერთი საბაბი არ დაეტოვებინა უარისთვის და მეორე, როგორი საგარეო პოლიტიკა ვაწარმოეთ ჩვენ იმისთვის, რომ ჩვენი პარტნიორები დაგვერწმუნებინა, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ კანდიდატის სტატუსის მინიჭება უნდა იყოს. მე მგონი, გამოჩნდა, რომ მართალი, სწორი პოლიტიკა ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას და რომ ოპოზიცია და ზოგიერთ აქტივისტთა გუნდი პირდაპირ ამის საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ. ამ ანალიზს თუ გავყვებით და სწორედ ასე გააგრძელებს საქართველოს ხელისუფლება, ერთი წელი გვაქვს შემდეგ გადაწყვეტილებამდე, რა პროცესშიც საქართველოს ხელისუფლება ისეთივე წარმატებით დაიწყებს ამ საკითხებზე მუშაობას. ერთადერთი, მე რისი შიშიც მაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ წინასაარჩევნო პერიოდი გვექნება, ოპოზიცია და ზოგიერთი პოლიტიზებული არასამთავრობო ორგანიზაცია კიდევ უფრო გააფთრებულად შეეცდება რადიკალური დღის წესრიგის შემოტანას. კიდევ უფრო, გააფთრებულად შეეცდება ყველანაირად დაანახოს ევროკავშირს განხეთქილება ქვეყნის შიგნით. ამას აკეთებდნენ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ვერ შეძლეს და იმედი მაქვს, რომ ვერც ახლა შეძლებენ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები