შალვა პაპუაშვილი – პრეზიდენტზე: ხალხთან ის არ არის მას შემდეგ, რაც ღვთისა და ერის წინაშე დადებული ფიცი დაარღვია
“ხალხთან იყო საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც ხალხს მოუტანა კანდიდატის სტატუსი, ხოლო ქალბატონი სალომე ხალხთან კი არ იყო, ხალხში იყო. ხალხთან ის არ არის განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან ღვთისა და ერის წინაშე დადებული ფიცი დაარღვია”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მთავრობის მიერ ორგანიზებულ საზეიმო ღონისძიებაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მისვლას.
პაპუაშვილის თქმით, ზურაბიშვილის წინააღმდეგ განაჩენი უკვე გამოტანილია საკონსტიტუციო სასამართლოს და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სახელით.
„საუბარი იყო თითქოს სალომე ზურაბიშვილი იყო ხალხთან და ხელისუფლება არ იყო. სინამდვილეში, ხალხთან იყო საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც ხალხს მოუტანა კანდიდატის სტატუსი. ხოლო ქალბატონი სალომე ხალხთან კი არ იყო, ხალხში იყო. ხალხთან ის არ არის განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან ღვთისა და ერის წინაშე დადებული ფიცი დაარღვია, რაც დადასტურებულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. როდესაც არღვევს მის მიერ დადებულ ფიცს, როდესაც არღვევს კონსტიტუციას განზრახ და უხეშად, თავისთავად ის ამით აყენებს თავს ხალხის მიღმა. ამ მდგომარეობაში ქალბატონმა სალომემ თავისი თავი თავადვე ჩაიყენა იმით, რომ დაარღვია კონსტიტუცია. მის წინააღმდეგ განაჩენი უკვე გამოტანილია საკონსტიტუციო სასამართლოს და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სახელით. მისი ეს ქცევა, რომ ღონისძიებაზე ასეთი გარემოება შექმნა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კიდევ ერთხელ მომართულია, რომ რამენაირად განხეთქილებები შეიტანოს საზოგადოებაში და ცუდად წარმოაჩინოს ქვეყანა“ , – აღნიშნა პაპუაშვილმა.