ივანე ჩხაიძე – ძაღლის მიერ დაკბენილ ბავშვზე: ახლა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, გურიაში პიტბულის ჯიშის ძაღლის მიერ დაკბენილი 2 წლის ლაზარეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
“აუცილებელი ჩარევა, რაც განხორციელდა პირველ ეტაპზე, ეს იყო კანის დაზიანებული უბნების მოცილება, ჭრილობის გასუფთავება, ამის ძირითადი მიზანი იყო მეორადი ინფექციისგან ბავშვის დაცვა.
რისკი ამ ეტაპზე ინფექციის განვითარების ძვლის ინფექციის, სისტემური ინფექციის, არის მინიმუმამდე დაყვანილი. ახლა ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, წუხანდელმა ღამემ მშვიდად ჩაიარა და მშობლები აღნიშნავენ, რომ პირველი ღამე იყო, როცა ბავშვს წყნარად ეძინა, ტემპერატურა არ გვაქვს. ყველა დამატებითი კვლევა ჩაუტარდა. შემდეგ ეტაპზე “კარაპს მედლაინში” გადავა, სადაც ტრანსპლანტაცია განხორციელდება”, – აცხადებს ჩხაიძე.
ცნობისთვის, ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის ინფორმაციით, სახელმწიფომ პატარა ლაზარეს ოპერაცია სრულად დაუფინანსა.