“ზელენსკიმ დასავლეთის მოლოდინი არ გაამართლა, დროა, გააცნობიერონ ომის ჩიხი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დაიწყეს” – ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის მოლოდინები არ გაამართლა.
მისი მტკიცებით, არის საუბრები, რომ დროა ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებმა უკრაინას დახმარება შეუმცირონ.
„ეს არ არის მხოლოდ საუბარი. ზელენსკის რეჟიმის მხარდასაჭერად ფულის მოძიებასთან დაკავშირებით სირთულეები უკვე იქმნება როგორც ევროპაში, ასევე, შეერთებულ შტატებში. ზელენსკის რეჟიმმა აშკარად არ გაამართლა მოლოდინი, აშკარად ვერ ითამაშა იმ ინსტრუმენტის როლი, რომელიც რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას ძირს გამოუთხრიდა და მოსპობდა ყველაფერს რუსულს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ეს რეჟიმი აკონტროლებს“, – აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, დროა, ნატომ და ევროკავშირმა გააცნობიერონ, რომ ომი, რომელიც მათ ზელენსკის რეჟიმის ხელით წამოიწყეს, ჩიხურ მდგომარეობაშია.
„თქვენ გესმით შეფასებები, რომელსაც ნატოსა და ევროკავშირში საღი გონების პოლიტიკოსები აჟღერებენ. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. დროა, გააცნობიერონ ომის სრული ჩიხი, რომელიც ზელენსკის რეჟიმის ხელით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაიწყეს”, – აღნიშნა ლავროვმა.