პარლამენტმა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” ცვლილებას მხარი დაუჭირა
პარლამენტმა მესამე მოსმენით, 82 ხმით, დაჩქარებული წესით მიიღო „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” ცვლილება, რომელიც ხანმოკლე პაემნის, მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის შეზღუდვის საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება.
კანონპროექტის თანახმად, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულის მიერ ხანმოკლე ან/და ხანგრძლივი პაემნის, მიმოწერის ან/და სატელეფონო საუბრის უფლებით სარგებლობის შედეგად ჩადენილი იქნება დანაშაული, განხორციელდება მოწმეზე ზემოქმედება, ხელი შეეშლება მტკიცებულების მოპოვებას ან სხვაგვარად შეფერხდება მართლმსაჯულების განხორციელება, პროკურორი ან გამომძიებელი უფლებამოსილია ბრალდებულს შეუზღუდოს ხანმოკლე ან/და ხანგრძლივი პაემნის, მიმოწერისა ან/და სატელეფონო საუბრის უფლება. აღნიშნული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს არაუმეტეს 2 თვით, ნაცვლად 90 დღისა, როგორც ეს განსაზღვრული იყო კანონპროექტის პირველად ვერსიაში. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, პროკურორი ან გამომძიებელი უფლებამოსილი იქნება დაწესებული შეზღუდვა განაახლონ.
იმ შემთხვევაში, თუ აღარ იარსებებს ასეთი შეზღუდვების ლეგიტიმური საფუძვლები 2 თვეზე უფრო ადრე ვადაში, მაშინ პროკურორი ვალდებული იქნება გააუქმოს თავისი ან გამომძიებლის დადგენილება, ხოლო გამომძიებელი ვალდებული იქნება გააუქმოს თავისი დადგენილება.
კანონპროექტით, თუ ბრალდებული ჩათვლის, რომ არ არსებობს მის მიმართ დაწესებული შეზღუდვების შესაბამისი საფუძველი, მას უფლება აქვს შუამდგომლობით მიმართოს პროკურორს და მოითხოვოს აღნიშნული შეზღუდვის გაუქმება.