ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

 ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
როგორც ბრალდებულმა პროცესზე აღნიშნა, მას ლაშა მახარაძე არ მოუკლავს. ბრალდებულმა გარდაცვლილის დედას მიუსამძიმრა.
ოქროპირიძემ მისი მიმალვა იმით ახსნა, რომ მისი თქმით, მასზე ზეწოლაზე ხორციელდებოდა და მისი ლიკვიდაცია იგეგმებოდა. მას კონკრეტული პირები არ დაუსახელებია.
ამასთან, ტელეკომპანია “იმედი” არვცელებს ინფორმაციას იმის შესახებ რომ გიორგი ოქროპირიძის თქმით, იგი რამდენიმე თვის განმავლობაში “ქართული ოცნების” აქტივისტი იყო და  თბილისის მერიაში სპორტის დეპარტამენტში მუშაობა უნდა დაეწყო. “იმედის” ცნობით, მერიაში უარყვეს, რომ გიორგი ოქროპირიძე უწყებაში დასაქმებას გეგმავდა.
შეგახსენებთ, რომ ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული ქართულ მხარეს ერგნეთში გუშინ გადმოეცა. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2 სექტემბერს, ღამით, ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1987 წელს დაბადებულ ლაშა მახარაძეს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მიმალვას შეეცადა, რა დროსაც იგი ე.წ. “საზღვრის უკანონო” გადაკვეთის ბრალდებით ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო წარმომადგენლებმა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების მუშაობის შედეგად აღნიშნული პირი 12 სექტემბერს სოფელ ერგნეთში ქართულ მხარეს გადმოეცა.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე და 236-ე მუხლებით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები