მამუკა მდინარაძე – ოპოზიციაზე: მთავარ მესიჯად აქვთ, რომ ხელისუფლება პრორუსულია – ხელისუფლება, რომელმაც ყველა ნაბიჯი გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე
„ისინი დაკავებულები არიან მავნებლობით და თავს უწოდებენ პროდასავლელებს”,- ასე ეხმაურება მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე პრემიერ-მინისტრის წერილების მისამართით ოპოზიციის კრიტიკას.
მისივე თქმით, ოპოზიციაში მთავარ მესიჯად აქვთ, რომ ხელისუფლება არის პრორუსული, ხელისუფლება, რომელმაც ყველა ნაბიჯი გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე.
“ვინც დასავლეთში შედის, ვისი მეცადინეობითაც, ვისი შრომითაც, ვისი ორ ფეხზე დგომითაც, ვისი ღირსებითაც, ვისი მუშაობითაც და, რაც მთავარია, ქართველი ხალხის ურყევი ნებითა და მხარდაჭერით – ხელისუფლება ამ ყველაფერს უზრუნველყოფს, ისინი კი აკრიტიკებენ ხელისუფლებას და ამბობენ, რომ ის არის პრორუსული. თვითონ კი, ვინც იბრძვიან ევროინტეგრაციის წინააღმდეგ სიტყვითა და საქმით, არიან პროდასავლელები.
სულ ასე იყო. 2012 წლამდე აგინებდნენ რუსეთს, პოზიციონირებდნენ პროდასავლელებად თავად და აკეთებდნენ რუსეთის საქმეს. დღესაც იგივე გრძელდება. მთავარ მესიჯად აქვთ, რომ ხელისუფლება არის პრორუსული, ხელისუფლება, რომელმაც ყველა ნაბიჯი გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე და აგერ, მივედით კანდიდატის სტატუსამდე. ეს ხელისუფლება მათთვის პრორუსულია, იმიტომ რომ ევროპაში შედის ქვეყანა. ყველა ნაბიჯი გავიარეთ სწორად, ღირსებით, ამაყად და ისინი, ვინც ამაში ხელს გვიშლიან, ყოფილან პროდასავლელები“, – აცხადებს მდინარაძე.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრმა წერილები გაუგზავნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროკავშირის 27-ვე სახელმწიფოს ლიდერებს.