გივი მიქანაძემ ახალგაზრდულ საკითხებზე გაფართოებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივით, გაეროს ახალგაზრდების საკითხზე მომუშავე თემატური ჯგუფის გაფართოებული შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრა გივი მიქანაძემ და საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა  საბინე მახლმა გახსნეს.

გივი მიქანაძემ თავის გამოსვლაში საქართველოში ახალგაზრდებთან დაკავშირებულ საკითხებში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა 2023 წლის განმავლობაში პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის მიერ საზედამხედველო და კანონშემოქმედებითი საქმიანობის, დაინტერესებულ ადგილობრივ სუბიექტებსა და საერთაშორისო საპარლამენტო თანამშრომლობის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე.

სიტყვით გამოსვლისას გივი მიქანაძე მიესალმა მთავრობის სტრუქტურაში განხორციელებულ ცვლილებებს, რომლის თანახმად, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ახალგაზრდობის კომპონენტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კომპეტენციაში გადადის.  კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, 2024 წლიდან  ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხები გადავა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ფუნქციებში და შეიცვლება კომიტეტის დასახელება.

თავის მხრივ, საბინე მახლმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ახალგაზრდების როლი ქვეყანაში ხელშესახები ცვლილებების მისაღწევად, ფასდაუდებელია. შესაბამისად, გაეროს მდგრადი განვითარების 2030 დღის წესრიგში ფართოდაა მოცული მათი უფლებების, კეთილდღეობისა და გაძლიერების აუცილებლობა.

შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწემ, ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხებში მრჩეველმა  ანატოლი კორეპანოვმა წარადგინა კვლევის „ახალგაზრდული ორგანიზაციების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის სისტემის გაუმჯობესება: საკანონმდებლო წინადადებები” შედეგები, რომელიც ქვეყანაში არსებული სისტემის ანალიზისა და ევროკავშირის წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების პრაქტიკის გათვალისწინებით მომზადდა.

აღნიშნული კვლევა  გაეროს ორგანიზაციების (UNFPA, UNDP, UNHCR) და World Vision-ის მხარდაჭერით, ახალგაზრდული დღის წესრიგის საკანონმდებლო რეფორმის ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა.

ღონისძიებას საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, სამოქალაქო და საჯარო ხელისუფლების  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები