მიხეილ სარჯველაძე ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს, მელინე არაკელიანს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძემ სტუმარს კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და საქართველოში ადამიანის უფლებების განმტკიცების მიზნით ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები გააცნო. კომიტეტის თავმჯდომარემ, კანონშემოქმედებითი საქმიანობის პარალელურად, საპარლამენტო კონტროლის ინსტრუმენტებზე გაამახვილა ყურადღება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ძალისხმევას ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა მნიშვნელოვანი რეფორმებზე, რაც საქართველომ გაატარა ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესასრულებლად და, საზოგადოდ, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით.
მხარეებმა ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მწვავე მდგომარეობის შესახებ და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. აგრეთვე, საუბარი შეეხო დემოკრატიის მშენებლობაში სამოქალაქო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობას და ამ თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებს.
ელჩმა დადებითად შეაფასა საქართველოს სწრაფვა ევროინტეგრაციის მიმართულებით და აღნიშნა რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების შემდეგ. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
მხარეები შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე შეთანხმდნენ.