ფრანგი მწერალი ფილიპ კლოდელი თბილისშია

13 დეკემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში, გაიმართება მრავალი წიგნის ავტორის, რეჟისორის და დრამატურგის, ფილიპ კლოდელის შეხვედრა ლიტერატურული წრეების წარმომადგენლებთან.
ფილიპ კლოდელი მრავალი წიგნის ავტორი, რეჟისორი და დრამატურგია. მისი პირველი რომანი, „მეზი მას ივიწყებს’’ 1999 წელს გამოქვეყნდა. პირველი დიდი ლიტერატურული წარმატება კი მას 2003 წელს გამოქვეყნებულმა ნოველების კრებულმა, „პატარა მექანიზმები’’ მოუტანა, რომელსაც ნოველების გონკურის პრემია მიენიჭა. 2003 წელს, მისი რომანი „ნაცრისფერი სულები“ რენოდოს და ჟურნალის ’’Elle’’ პრემიით დაჯილდოვდა; ორი წლის შემდეგ ამავე წიგნის მიხედვით ფილმი გადაიღეს.
ფილიპ კლოდელმა, გამორჩეულმა რეჟისორმა, 2008 წელს გადაიღო  პირველი ფილმი „მე შენ დიდი ხანია მიყვარხარ’’, კრისტინ სკოტ ტომას და ელზა ზილბერსტეინის მონაწილეობით. ფილმმა მაშინვე დაიმსახურა კრიტიკოსების დიდი მოწონება, დაჯილდოვდა ცეზარის ორი პრემიით და მრავალი საერთაშორისო ჯილდოთი აღინიშნა.
ის ასევე არის შემდეგი ფილმების ავტორი და რეჟისორი: „ყველა მზე’’ (2011), „ზამთრის დადგომამდე’’ (2013) და „ბავშვობა“  (2015) (ფილმების სათაურები პირობითია).
ფილიპ კლოდელი 40-მდე წიგნის ავტორია. მის ნაწარმოებებს თარგმნიან მთელს მსოფლიოში. ბოლო რამდენიმე წელია ფილიპ კლოდელი დაინტერესებულია ორი საკითხით – ციხის სამყართი და მიგრაციასთან დაკავშირებული ადამიანური დრამებით.
ფილიპ კლოდელის სამი რომანი: „ბროდეკის ჩანაწერები“, „ნაცრისფერი სულები“, „მესიე ლინჰის შვილიშვილი“ თარგმნილია ქართულად და გამოცემულია ფრანგული ინსტიტუტის მერაბ მამარდაშვილის სახელობის საგამომცემლო დახმარების პროგრამის ფარგლებში.

მის: ივანე მაჩაბლის ქუჩა №13.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები