„ჩემი ოცნებაა, არც ერთი ბავშვი არ დარჩეს საქართველოში მკურნალობის გარეშე “ (ვიდეო)
ჩემი ოცნებაა, არც ერთი ბავშვი არ დარჩეს საქართველოში მკურნალობის გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებთან შეხვედრისას განაცხადა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად კიბოს ცენტრში იმყოფებოდა, სადაც პრემიერის ინიციატივით შექმნილი „სოლიდარობის ფონდის“ მიერ დაფინანსებული 18 წლამდე ასაკის სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვები მკურნალობენ.
პრემიერმა და მისმა მეუღლემ ბავშვებს გამოჯანმრთელება უსურვეს, საჩუქრები გადასცეს და მათ მშობლებს სრული თანადგომა აღუთქვეს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მშობლებთან და სამედიცინო პერსონალთან საუბრისას განაცხადა, ასეთ დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების სოლიდარობას.
„ჩვენი ინიციატივით შექმნილი სოლიდარობის ფონდი ძალიან წარმატებულად მუშაობს. ფონდს უკვე დაახლოებით 25 ათასი საჯარო მოხელე შეუერთდა, რომლებიც ყოველთვიურ შენატანებს აკეთებენ. ამ იდეაზე დიდხანს ვფიქრობდი. ძალიან განვიცდიდი, რომ სახელმწიფო სრულად ვერ ეხმარება ყველა გაჭირვებულ ადამიანს, მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებს. სწორედ აქედან გაჩნდა სოლიდარობის ფონდის შექმნის იდეა. ჩვენ – ყველანი გავერთიანდით იმ მძიმე სენის წინააღმდეგ, რასაც ონკოლოგიური დაავადებები ჰქვია“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სოლიდარობის ფონდმა უკვე 18 წლამდე ასაკის სოლიდური სიმსივნით დაავადებული 11 ბავშვის მკურნალობა დააფინანსა, მათ შორის დამტკიცდა სამი ბავშვის საზღვარგარეთ მკურნალობის თანადაფინანსება საფრანგეთისა და თურქეთის კლინიკებში.
მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ სოლიდარობის ფონდში შემოწირულობა სულ უფრო გაიზრდება და მიმდინარე წლის ბოლოს 22 წლამდე ასაკის ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების დაფინანსებაც გახდება შესაძლებელი.
„ჩემი ოცნებაა, არც ერთი ბავშვი არ დარჩეს საქართველოში მკურნალობის გარეშე. ამისთვის აუცილებელია ჩვენი საზოგადოების გაერთიანება და სოლიდარობა. კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ ყველას, გახდით ამ ძალიან დიდი სიკეთის მონაწილე და სოლიდარობის ფონდში გააკეთეთ თქვენი შენატანი, მინიმუმ ერთი ლარის ოდენობით და გადაარჩინეთ ამ ბავშვების სიცოცხლე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=h5-lIU1QFSE” width=”560″ height=”315″]