სუს-ი: საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, თუმცა არ დაადასტურეს პირის უკანონოდ დაკავების მცდელობა
სუს-ში აცხადებენ, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას გარდაცვალების ფაქტი დაადასტურეს.
ასევე, როგორც “კვირას“ უწყებაში განუცხადეს, საოკუპაციო რეჟიმს თემურ კარბაიას უკანონოდ დაკავების მცდელობა არ დაუდასტურებია.
„აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი “ცხელი ხაზი”. „ცხელი ხაზის“ გაზიარებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. თუმცა არ დაადასტურეს ხსენებული პირის უკანონოდ დაკავების მცდელობა. გამომდინარე იქიდან, რომ პროცესები ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში ანუ ოკუპირებულ ქალაქ გალში განვითარდა მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოძიების პროცესი”, – განუცხადეს “კვირას” სუს-ში.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქეს, თემურ კარბაიას, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს. თემურ კარბაია საავადმყოფოში გადაყვანისთანავე დაიღუპა.