“28+5 – ის ფორმატით საქართველო ნატოს კლუბში აღმოჩნდა“

  სამხედრო ექსპერტმა გიორგი თავდგირიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე უელსის სამიტის შედეგები შეაჯამა და ნატო რუსეთის ურთიერთობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ვერ მიიღო მაპი, მაპზე უკეთესი – გაძლიერებული პაკეტი მიიღო, სადაც თვითონ ნატომ და ნატოს ქვეყნებმა აიღეს ვალდებულება, რომ საქართველოს ტრანსფორმაციაში დაეხმარებიან.
„ჩვენ დავალების ნაცვლად დახმარება მივიღეთ. 28+5-ის ფორმატით „ნატოს კლუბში“ აღმოვჩნდით. ნატო საქართველოს რეფორმების გატარებაში დაეხმარება და მას სამხედრო – სასწავლო ცენტრით უზრუნველყოფენ. თავდაცვის სისტემის სრულ რეფორმაში კი ექსპერტთა ჯგუფი ჩაერთვება. რეალობა ახლა გაცილებით უკეთესია, ვიდრე მაპის მიღების შემთხვევაში იქნებოდა“,- განაცხადა გიორგი თავდგირიძემ.
თადარიგის პოლკოვნიკმა რუსეთის ფაქტორზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთთან „ცივი ომი“ შესაძლოა, „ცხელ ომში“ გადაიზარდოს.
„ნატოს დაპირისპირება რუსეთთან შეიძლება „ცივი ომის“ ფაზიდან „ცხელ ომში“ გადაიზარდოს. აქედან გამომდინარე, რეალურად, ნატო და ნატოს პოლიტიკოსები აზროვნებენ ომის საჭიროებიდან გამომდინარე, რამაც აზრი დაუკარგა ბევრ იმ ფორმალობას, რომელიც უკრაინის კრიზისამდე იყო. მათ შორის ეს ეხება ფორმალურ მაპს. რეალობამ დღის წესრიგში ახალი საკითხი დააყენა – ნატოსთვის საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მიუხედავად მისი პრობლემებისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისა, საქართველო აუცილებლად გაწევრიანდება ნატოში“, – განაცხადა გიორგი თავდგირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები