საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთი სწრაფი რეაგირების ძალებს ქმნიან?!

  აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი სწრაფი რეაგირების ძალებს ქმნიან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში თადარიგის პოლკოვნიკმა გიორგი თავდგირიძემ ისაუბრა.
„3 ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, ბუნებრივია, გარკვეული გადაწყვეტილებების მიიღეს, რომელსაც აზერბაიჯანულ მედიაში საინტერესო ინტერპრეტაციები მოჰყვა. აზერბაიჯანული მედია იუწყება, რომ მოხდა შეთანხმება ერთობლივ, მობილურ ძალებთან – სწრაფი რეგირების ძალებთან დაკავშირებით. აღნიშნული კი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებით იყო გამოწვეული. გამოდის, რომ სამმა ქვეყანამ – საქართველომ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა სამხედრო ბლოკი შექმნა. რეალობა კი ცოტა სხვანაირია და დარწმუნებული ვარ, ამაზე თავდაცვის სამინისტრო განმარტებებს გააკეთებს“, – აღნიშნა გიორგი თავდგირიძემ „კვირას“ პრესკლუბში.
მისი განცხადებით, მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო ხაზებისა და გლობალური ეკონომიკური პროექტების გარე საფრთხეებისგან დასაცავად, სამმა ქვეყანამ თავის ტერიტორიაზე სწრაფი რეაგირების მობილური ძალების შექმნის ვალდებულება აიღო. სხვა არანაირი სამხედრო ბლოკის ჩამოყალიბებაზე არ შეიძლება საუბარი მიმდინარეობდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები