გიორგი ამილახვარმა ეროვნული კონკურსის „WorldSkills საქართველო 2023“ დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ეროვნული კონკურსის „WorldSkills საქართველო 2023“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. მინისტრმა ახალგაზრდებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა, მათ წარმატებები უსურვა და შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.

ღონისძიების ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას გიორგი ამილახვარმა პროფესიული განათლების განვითარების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი მასშტაბური კონკურსების ჩატარება, რაც ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება და გაეცნონ თანამედროვე მიღწევებსა და გამოგონებებს.

გიორგი ამილახვარი: „მოგეხსენებათ, ჩვენი ხელისუფლებისთვის პროფესიული განათლება არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. შესაბამისად, წლიდან წლამდე პროფესიული განათლება უფრო ფართოვდება, ხდება უფრო ხელმისაწვდომი და, რაც მთავარია, უფრო მოთხოვნადი და პრესტიჟული.

ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია დღევანდელი ღონისძიება, სადაც ტარდება საერთაშორისო დონის კონკურსი პროფესიული უნარების კუთხით და წელს, მრავალწლიანი პაუზის შემდგომ, პირველად ჩატარდა საქართველოში სამი მიმართულებით: ვებტექნოლოგიები კულინარია და კონდიტერია.

კონკურსის ფარგლებში, ჩვენს არაჩვეულებრივ ექსპერტებთან და ჟიურის წევრებთან ერთად, დღეს გამოვავლინეთ და დავაჯილდოვეთ გამარჯვებულები – თითო ადამიანი თითოეული მიმართულებით, რომლებიც შემდგომ წელს უკვე საფრანგეთში, ქალაქ ლიონში გაემგზავრებიან ვორლდსქილსის კონკურსის ფინალურ ეტაპზე.

მე მინდა, მათ წარმატება ვუსურვო. წარმატება ვუსურვო ყველა პროფესიული კოლეჯისა, თუ პროფესიული ტრენინგ ცენტრის სტუდენტებს. მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოში გაცილებით უფრო ხელმისაწვდომი და გაცილებით უფრო მოთხოვნადი ხდება პროფესიული განათლება, ვიდრე უმაღლესი განათლება. რა თქმა უნდა, ჩვენი სამინისტრო ამას კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს და მეტ ინვესტიციას ჩადებს პროფესიული განათლების განვითარებაში, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის ხერხემალი ეკონომიკის განვითარების და ყველაზე მოკლე გზა დასაქმებისკენ.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები