“საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება მიღებულია ბუქარესტის სამიტზე, ვერცერთი მესამე სახელმწიფო ამას ვეტოს ვერ დაადებს, ამ მიდგომის პრაქტიკაში იმპლემენტაცია გვინდა” – ირაკლი ბერაია

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, ნატოს შტაბ-ბინაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მორიგი ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველო-ნატოს შორის არსებული ურთიერთობების ყოვლისმომცველ ხასიათს.

„ევროპის დედაქალაქებში საქართველოს უყურებენ და განიხილავენ, როგორც ნატოს მომავალ წევრ სახელმწიფოს. ქართული დელეგაციის მხრიდან მთავარი სასაუბრო იქნება რეგიონული უსაფრთხოების გარემო, ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, პროგრესი და საქართველოს ნატოში გაწევრიანების მნიშვნელობა, ასევე, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების გადაუდებელი საჭიროება. საქართველო ღირსეულად ინაწილებს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების ტვირთს და მზად არის ნატოში გაწევრიანებისთვის. ევროატლანტიკური უსაფრთხოება წარმოუდგენელი და მიუღწეველია საქართველოს ნატოში გაწევრიანების გარეშე.

საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება მიღებულია 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე და ყველა სამიტი ამ გადაწყვეტილებას იმეორებს. ამას ვერცერთი მესამე სახელმწიფო ვეტოს ვერ დაადებს. ჩვენ ამ მიდგომის პრაქტიკაში იმპლემენტაცია გვინდა“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბელგიის სამეფოში, ბრიუსელში დღეს გაემგზავრა. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი ბერაია და პარლამენტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები