ალუდა ღუდუშაური: რა ლექცია უნდა ჩაატაროს სალომე ზურაბიშვილმა?! სტუდენტებს აუხსნას, თუ როგორ ჰკიდია ფეხებზე კონსტიტუცია და როგორ გათელა ქვეყნის სუვერენიტეტი?
რა ლექცია უნდა ჩაატაროს სალომე ზურაბიშვილმა?! ვის რა უნდა ჩაუტაროს?! – უნდა მივიდეს და სტუდენტებს აუხსნას, თუ როგორ ჰკიდია ფეხებზე კონსტიტუცია და როგორ გათელა ქვეყნის სუვერენიტეტი?,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ზურაბიშვილი იმ გზას დაადგა, რომელიც განწირულია პოლარიზაციის გაჩაღებისთვის და მან თავი „ნაციონალური მოძრაობისა“ და რადიკალური ოპოზიციის წიაღში დაიყენა.
„ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის კარგად არის ცნობილი, თუ რა გზას ადგას ეს ქალბატონი. ძალიან უხერხულია მისი მხრიდან ისეთი აბსურდული ბრალდებების გაჟღერება, რასაც „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ კი არ კადრულობენ – ხაბეიშვილი რომ ხაბეიშვილია და ვაშაძე რომ ვაშაძეა, ისინიც კი არ კადრულობენ… ეს მისი არჩევანია.
ცდილობს ყურადღება ხელოვნურად მიიქციოს და ჭიქაში ქარიშხალი ატეხოს – როგორც ჩანს, იცის, რომ მას მერე, რაც პრეზიდენტის პოსტს ფორმალურად დატოვებს, მისი პოლიტიკური ღირებულება კიდევ უფრო მეტად დაეცემა და ნოლს ქვემოთ ჩამოვა. გამომდინარე აქედან, ცდილობს, რომ ხმაური ხელოვნურად ატეხოს.
ქვეყანამ კანდიდატის სტატუსზე დადებითი შეფასება მიიღო, ველით, რომ ეს ყველაფერი 15 დეკემბერს დე-იურე გაფორმდება. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ვიდრე ევროკომისიის დასკვნა გამოქვეყნდებოდა, სალომე ზურაბიშვილი ამბობდა, რომ ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებდა, თუმცა მაინც უნდა მიეღო.
დღეს, როდესაც ქვეყანა განუხრელად დგას იმ გზაზე, რომ ჩვენი პრინციპული ძალისხმევით კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ზურაბიშვილი სრულიად არასაჭირო ხმაურის გამოწვევას ცდილობს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს რამდენიმე უნივერსიტეტმა სტუდენტებთან საჯარო ლექცია დაუბლოკა. მათ შორის, არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტს უარი ეთქვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციის ჩატარებაზეც. აღნიშნულის თაობაზე თსუ-ის მხრიდან განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.