სასამართლო ქობულეთში აქციაზე დაკავებულ პირებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ქობულეთში აქციაზე დაკავებულ პირებთან დაკავშირებით ბათუმის სასამართლო განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, ერთმანეთში კამათის, გინებისა და ლანძღვის გამო სამ პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 100-100 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
როგორც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მასალების და მხარეთა განმარტებების ანალიზით მითითებული პირების შემხებლობა 2014 წლის 9 სექტემბერს ქობულეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით არ გამოიკვეთა. “2014 წლის 12 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ქობულეთის რაიონული სამმართველოდან შემოსული მასალები და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები ა.გ-ს, ა.ყ-ს და ნ.ყ.-ს მიმართ, გადაცდომაზე, რაც გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლებით, წვრილმანი ხულიგნობა, რაც შემდეგში გამოიხატა: 2014 წლის 11 სექტემბერს, დაახლოებით 20.35 საათზე, ქობულეთში, ლერმონტოვის ქუჩაზე აღნიშნული პირები ერთმანეთში კამათობდნენ, იგინებოდნენ და ილანძღებოდნენ ხმამაღლა. სასამართლომ განიხილა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების დასაბუთებულობა და სამივე პირი დამნაშავედ ცნო სამართალდამრღვევებად საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენაში და სახდელის ზომად დაენიშნათ ჯარიმა, 100-100 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ”, – ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები