ილია დარჩიაშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობა ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევის მსხვერპლია, თამაზ გინტურის მკვლელობა ეთნიკური ქართველების მიმართ ძალადობის კიდევ ერთი აქტია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქის, თამაზ გინტურის ბოლო მკვლელობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან კიდევ ერთი ძალადობის აქტია ეთნიკური ქართველების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის მსხვერპლია.

„რუსეთის ომი საქართველოს წინააღმდეგ, ცივი ომის შემდეგ, სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების იძულებით შეცვლის პირველი ღია მცდელობა იყო. უკვე 15 წელზე მეტია, რუსეთი აგრძელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის უკანონო ოკუპაციას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების უხეში დარღვევით. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის მსხვერპლია. მავთულხლართებით იზოლირებულებულ მოსახლეობას აშორებენ ნათესავებს, სასოფლო-სამეურნეო მიწებს, ღვთისმსახურებას, ართმევენ გადაადგილების თავისუფლებას, ძირითად საჭიროებებს. დამკვიდრებულ პრაქტიკად იქცა უკანონო დაკავებები და გატაცებები, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქის, თამაზ გინტურის ბოლო მკვლელობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან კიდევ ერთი ძალადობის აქტია ეთნიკური ქართველების მიმართ“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები