ირაკლი კობახიძე: ეუთოს მინისტერიალზე ჩადიან ბლინკენი და ბორელი – ასეთ პირობებში ჩვენი არდასწრება იქნება არასწორი

ნებისმიერი ფორმატი უნდა იქნეს გამოყენებული ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

აღნიშნული განცხადებით კობახიძე ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის
დასწრებას გამოეხმაურა.

მანვე აღნიშნა, რომ სამიტზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის არდასწრება სწორი არ იქნება.

„საქართველო არის ეუთოს წევრი და, გარდა ამისა, ამ სამიტს დაესწრება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ასევე, ევროკომისიის საგარეო საქმეთა კომისარი ბატონი ბორელი და ასეთ პირობებში ჩვენი არ დასწრება იქნება არასწორი. გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერი ფორმატი უნდა იქნეს გამოყენებული ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად. როცა იქ ჩადიან ბლინკენი და ბორელი და არ ჩადის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – მინიმუმ გაუგებარი იქნება ასეთი რამ. ეუთო არის ის ფორმატი, სადაც განიხილება პირველ რიგში უსაფრთხოების საკითხები და მუდმივ რეჟიმში ჩვენი მხრიდან ეს ფორმატი გამოიყენება იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ ჩვენს ეროვნულ საკითხებზე, მათ შორის, ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია“, – განაცხადა კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 29 ნოემბრიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით მონაწილეობას მიიღებს ეუთოს მინისტრთა საბჭოს 30-ე სხდომაში, რომელსაც ჩრდილოეთ მაკედონია მასპინძლობს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს მინისტრთა საბჭოს სესიაში, სადაც სიტყვით მიმართავს მონაწილეებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები