დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” კანონში ცვლილებაზე იმსჯელა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკის კომიტეტმა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ”კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პარლამენტის წევრების საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი განიხილა.

კანონპროექტი კომიტეტს პირველი მოსმენით, პარლამენტის წევრმა ანტონ ობოლაშვილმა წარუდგინა.

კანონპროექტის თანახმად, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი ქვიშა-ხრეშის მოპოვებისათვის ნაცვლად 0.2 ლარისა – 0,6 ლარით განისაზღვრება.

მომხსენებლის თქმით, აღნიშნულის შედეგად საგრძნობლად გაიზრდება ამ რესურსით მოსარგებლეთა მიერ ადგილობრივ ბიუჯეტში შესატანი თანხის ოდენობა.

„ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით, უნდა ითქვას, რომ ქვიშა-ხრეშზე მოთხოვნის შემცირება არ არის მოსალოდნელი. შესაბამისად, მოსაკრებლის ზრდის მიუხედავად, მოპოვების ინტენსიურობის მიმართულებით, მოსალოდნელია პოზიტიური დინამიკა. ასევე აღსანიშნავია, რომ მოსაკრებლის გაზრდის შედეგად მუნიციპალიტეტების მიერ მიღებული შემოსავლები 2022 წელს მიღებულ შემოსავალთან შედარებით დაახლოებით 3-ჯერ გაიზრდება”, – განაცხადა მომხსენებელმა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ ცვლილებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები