დმანისში 75 წლის მამაკაცმა თანასოფლელი სანადირო თოფით მოკლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1939 წელს დაბადებული მუხტარ ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დმანისის რაიონის სოფელ გოდაგ-დაგში მცხოვრებმა მუხტარ ა-მ საკუთარი სანადირო ორლულიანი თოფიდან გასროლით 11 სექტემბერს, გამთენიისას, თანასოფლელს – 1938 წელს დაბადებულ ჯანგირ ო-ს ორი ჭრილობა მიაყენა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ჯანგირ ო. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ, რამდენიმე საათში გარდაიცვალა. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ მუხტარ ა-სა და გარდაცვლილს შორის წარსულში მიწის ნაკვეთის გამო ურთიერთშელაპარაკებას ჰქონდა ადგილი. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).