აივაზოვსკის ბრძოლა პირველობისთვის
1848 წლის ოქტომბერში, მაშინ უკვე ცნობილი მხატვარი, აკადემიკოსი აივაზოვსკი ცნობილ პეტერბურგელ ქვრივს წარუდგინეს.
მინდა, რომ ჩემს ქალიშვილებს ხატვა ასწავლოთ! – უთხრა ქალმა ცნობილ ფერმწერს და იმ დროისთვის წარმოუდგენლად დიდი ანაზღაურება დაუნიშნა.
ივანე აივაზოვსკიმ ქვრივის სახლში სიარულს მოუხშირა და სანამ ქალი ცდილობდა გამოეცნო, რომელი ქალიშვილი მოსწონდა მხატვარს, ქორწილი შედგა – აივაზოვსკიმ მათი მოსამსახურე იულია გრევსი მოიყვანა ცოლად, რომელსაც 4 შვილის გაჩენის შემდეგ გაშორდა. მიზეზი ცოლზე სისტემური ძალადობა დასახელდა, მაგრამ იულია ამბობდა, სომეხმა სომეხი მოძებნა და ეს კი ამ ერში, რელიგიურ კავშირზე მნიშვნელოვანიაო.
აივაზოვსკიმ მეორე ცოლი ანნა სარქისოვა პირველი ქმრის, ცნობილი ვაჭრის გასვენებაში გაიცნო და ისე აღფრთოვანდა მისი სილამაზით, რამდენიმე კვირა ხატვასაც კი შეეშვა.
აივაზოვსკი კი, ცნობილია, ბევრს ხატავდა. 6000-ზე მეტი ტილო, რაც შეუქმნია, ერთმანეთზე შთამბეჭდავია. მე ცოტა მინახავს ასეთი ძლიერი ენერგეტიკის მატარებელი ნახატები, როგორიც ამ მხატვარს აქვს შექმნილი, ვისაც რუსები ნაციონალურ სიამაყედ თვლიან.
სინამდვილეში კი, ივანე აივაზოვსკი, სინამდვილეში ოვანეს აივაზიანი, ყირიმელი სომეხი ვაჭრის, გევორქას შვილი იყო. გევორქამ თავის დროზე გვარი გაივაზოვსკად გადაიკეთა, მერე შვილებმა, გავრილამ და ოვანესმა ასო “გ” მოაკლეს გვარს და აივაზოვსკები გახდნენ.
ცხოვრების პირველ წლებში, ივანე აივაზოვსკის საკუთარი სომხური წარმომავლობისა რცხვენოდა, მაგრამ როცა დიდ წარმატებას მიაღწია და მიაღწია ძალიან სწრაფად, ხაზს უსვამდა საკუთარ ეთნიკურ კუთვნილებას, რომელიც ძალიან საამაყო და მნიშვნელოვან ამბად მიაჩნდა.
პატარა ოვანესი არც ოცნებობდა მხატვრობაზე. მამის ფუნდუკის წინ იჯდა ხოლმე და მსურველებისთვის უფასოდ, ნუ, თითქმის უფასოდ ზღვას და გემებს ხატავდა, როცა ერთხელაც, ქალაქის არქიტექტორმა, კოხმა მისი ნამუშევარი ნახა და თავისთან წაიყვანა.
მამა წინააღმდეგი იყო შვილის “გაფუჭებისა”. თხუპნისთვის არ გამიზრდია, ვაჭრობას ვასწავლი და ფართლეულით გამდიდრდებაო, უთხრა გევორქამ კოხს, მაგრამ ამ უკანასკნელმა ქალაქის პოლიცმეისტერს, კაზნაჩეევს უთხრა და “დიდი კაცის ხათრით”, პატარა ოვანესი სამხატვრო სტუდიაში შეიყვანეს.
მალე ახალგაზრდა მხატვარი ტანნერის კლასში აღმოჩნდა. ფრანგი მარინისტი პეტერბურგის და მთლიანად რუსეთის ნომერ პირველი მხატვარი იყო. აქ მოცარტისა და სალიერის ლეგენდა გათამაშდა. მასწავლებელმა იგრძნო, რომ ოვანესი მასზე ბევრად ნიჭიერი იყო და დაჩაგვრა მოუნდომა, შენ ვერასოდეს იქნები პირველი, სანამ მე ვარ, უთხრა ფრანგმა არტისტმა მოსწავლეს, მაგრამ აივაზოვსკიმ თავის დაცვა მოახერხა და მეფის კარის მხატვარიც კი გახდა. მას ანდობდნენ ცნობილი ბატალური სცენების დახატვას (ამ დროს იმოგზაურა სამეგრელოში, სადაც შავი ზღვის სერია აქვს დახატული).
აივაზოვსკიმ სიცოცხლის მანძილზე 6000 ტილო შექმნა. მისი ნახატები მარინისტულ სტილში უალტერნატივოდ ითვლება. პატარა სომეხმა ბიჭმა იბრძოლა თავისი ადგილისთვის მზისქვეშ. ის არ დათანხმდა მეორეობას და ახლა ნამდვილად პირველია.
ყოველ შემთხვევაში, ჩემი გადმოსახედიდან მაინც.
გურამ მეგრელიშვილი