„ზავი არ არის „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის დასასრული“ – დიასპორის საკითხებში ისრაელის მინისტრი

ისრაელის დიასპორის საკითხებში და ანტისემიტიზმთან ბრძოლის მინისტრი, ამიჩაი ჩიკლი მძევლების გათავისუფლების შეთანხმებისა და დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა.

როგორც მან BBC-სთან საუბრისას განაცხადა, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმება მთავრობის შეხვედრებისა და კენჭისყრის გრძელ ღამეს მოჰყვა.

მისი თქმით, მან მხარი დაუჭირა შეთანხმებას, მაგრამ თქვა: „უნდა გავიგოთ, რომ ეს მხოლოდ პაუზაა. ჩვენ არ ვაპირებთ „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის დასრულებას“.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა ისრაელმა მეტი მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ ზავის გახანგრძლივების საკითხი განიხილოს, მან თქვა, რომ ისრაელს არ აქვს ნდობა, რომ „ჰამასი“ შეთანხმებას შეინარჩუნებს.

მანვე დასძინა, რომ მძევლების სახლში დაბრუნებასა და „ჰამასის“ განადგურებას შორის, ბალანსის დაცვა რთულია.

მინისტრმა თქვა, რომ არ იცოდა ზავის შეფერხების მიზეზი, რომელიც სავარაუდოდ, ხუთშაბათს დილით დაიწყება. მისი თქმით, შესაძლოა, ის კიდევ ერთხელ გადაიდოს, რაშიც „ჰამასის“ არასანდოობას უსვამს ხაზს.

„ვიმედოვნებთ, რომ ხვალ ვიხილავთ ჩვენს 13 კაცს, ქალს და შვილს. იმედი გვაქვს, მაგრამ სანამ ეს არ მოხდება, სკეპტიკურად უნდა ვიყოთ განწყობილნი“, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები