„გიორგი მშვენიერი ადამიანია, მას არ სურს, რომ ქვეყანა დააზიანოს“
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვოლსკი გაეროს სამიტთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ თემაზე აჟიოტაჟი და ხმაური „ტაშფანდურის ხალხის“ – „ნაციონალების“ მოგონილია და ეს აჟიოტაში უნდა დასრულდეს. როგორც ვოლსკიმ საინფორმაციო -ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, პრეზიდენტი მარგველაშვილი მშვენიერი ადამიანია და ბოლო დროის განვითარებულ მოვლენებში პიროვნული არაფერია. „საკანონდებლო ცვლილებებით, პრეზიდენტს აღარ აქვს საგარეო ასპარეზზე ქვეყნის წარმოდგენის ერთპიროვნული ვალდებულება , მაგრამ ეს არაფრით არ არის დამამცირებელი. საქართველოში პრეზიდენტი აღარ ხელმძღვანელობს აღმასრულებელ მთავრობას. აქ პიროვნული არაფერია, გიორგისთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს, მშვენიერი ადამიანია და მას არა აქვს არანაირი სურვილი, რომ დააზიანოს ქვეყანა. ვფიქრობ, ამ აჟიოტაჟიდან გამომდინარე, მან ჩათვალა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს შეიძლება რაღაც დარტყმა მიადგეს. მსგავსი მოვლენები ყველგან ხდება და არავის უკვირს. ბევრგან არის ასეთი დაპირისპირებებიც და სკანდალებიც. რასაკვირველია, ეს ძალიან არასასიამოვნოა, მაგრამ ეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე გავლენას ვერ მოახდენს“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეს არ მოხდება. მან გიორგი მარგველაშვილის სიტყვებიც გაიხსენა „პლასტენინთან“ დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მას ამ სიტყვის ნაცვლად სხვა რამის თქმა სურდა, კერძოდ კი იმის, რომ ის მოქნილი პოლიტიკოსია.