ოთარ გრიგოლია: თქვენ გეგონათ, რომ საქართველოში იქნებოდა არეულობა, მაგრამ არის მშვიდობა, თქვენ გეგონათ – რომ საქართველოში იქნებოდა ეკონომიკური სიდუხჭირე, მაგრამ არის ეკონომიკური ზრდა

„თქვენ გეგონათ, რომ საქართველოში იქნებოდა არეულობა, მაგრამ არის მშვიდობა, თქვენ გეგონათ რომ საქართველოში იქნებოდა ეკონომიკური სიდუხჭირე, მაგრამ არის 10 % -იანი ეკონომიკური ზრდა. თქვენ გეგონათ, რომ საქართველო ვერ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ეს სტატუსი საქართველომ მიიღო“, – განაცხადა თბილისის საკრებულოს სხდომაზე ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლიამ ოპოზიციონერი კოლეგებისადმი მიმართვისას, რომლებმაც დედაქალაქის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტები გააკრიტიკეს.

„ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია თქვენთვის იმიტომ, რომ საქართველოს წარმატება თქვენ არ გახარებთ და ეს თქვენთვის მიუღებელია. თქვენ არ გიყვართ თქვენი ქვეყანა და ქალაქი თუ ეს ყველაფერი თქვენს ხელში არ არის“, – მიმართა გრიგოლიამ კოლეგებს და აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში რაც პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, ერთი ლარი არ დახარჯულა ტრანსპორტის გაუმჯობესების მიმართულებით.

„მთელი ეს ტვირთი ქართულმა ოცნებამ ითავა თავის თავზე. კახა კალაძემ, იმ გუნდმა რომელიც მასთან ერთად მოვიდა და მანამდე დავით ნარმანიამ. სატრანსპორტო მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციები მილიარდ ლარამდეა, ხოლო ამ რეფორმის დასრულების შემდეგ უფრო ახალი და მოდერნიზებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი გვექნება“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა.

ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებით, თბილისის დღევანდელი ბიუჯეტი არის ყველაზე სოციალურად ორიენტირებული, ინფრასტრუქტურაზე და განათლებაზე ორიენტირებული ბიუჯეტი რაც დამოუკიდებლობის პერიოდში თბილისში ყოფილა.
„თქვენ ძალიან კარგად ხედავთ წარმატებას, რომელსაც ქალაქი თანდათანობით აღწევს. კარგად ხედავთ ინფრასტრუქტურას რომელიც ვითარდება, გზებს, კომპლექსებს, სკვერებს, ბაღებს, განახლებულ ქუჩებს, ტრანსპორტს, მაგრამ ამის აღნიშვნა თქვენს დღის წესრიგში არ შედის. თქვენმა დღის წესრიგმა არაერთ მარცხამდე მიგიყვანათ, თუმცა მიუხედავად ამისა თქვენ თქვენი პოლიტიკა ვერ გადაიაზრეთ. თუ კიდევ კეთილგონიერება შეგრჩენიათ, შეცვალეთ დღის წესრიგი, მოერგეთ რეალობას და ხვალ და ზეგ დატოვეთ ადგილი თანამშრომლობისთვის, იმიტომ, რომ თქვენი რიტორიკა მძაფრდება და თანამშრომლობისთვის ადგილს აღარ ტოვებს“, – განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები