რატი ბრეგაძე – სააკაშვილზე: როდესაც დასრულდება მკურნალობის კურსი, უნდა იყოს დაბრუნებული პენიტენციურ დაწესებულებაში – ეს არის ორჯერ ორი ოთხი
“ჩვენთან პატიმრები არ იყოფიან იმ ნიშნით, როგორი იქნება მათი პოლიტიკური აქტივობა. ის ახლაც პოლიტიკურად აქტიურია და არის კლინიკა „ვივამედში“. როდესაც იქნება ექიმების დასკვნა, ის იქნება გადაყვანილი პენიტენციურ დაწესებულებაში”,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილი ჩადენილი დანაშაულებების გამართლებას ცდილობს.
„რაც შეეხება მის მოთხოვნას შეწყალების შესახებ, რბილად რომ ვთქვათ, ცოტათი არათანმიმდევრულია, რადგან როდესაც ადამიანი ითხოვს შეწყალებას, მას გააზრებული და აღიარებული უნდა ჰქონდეს ჩადენილი დანაშაული. შესაბამისად, ეს ადამიანი არათუ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, არამედ კიდევ ცდილობს, გაამართლოს 7 ნოემბერი, ასევე, თავისუფალ მედიაზე სასტიკი თავდასხმა, რა დროსაც მათ დალეწეს ტექნიკა, ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს და ა.შ. შესაბამისად, როდესაც ადამიანი არ აღიარებს დანაშაულს, ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რა ფორმით უნდა იყოს ის შეწყალებული იმ დანაშაულის გამო, რომელიც მას „არ ჩაუდენია“. ის თავს მიიჩნევს უდანაშაულოდ იმ ქმედებაში, რაც მთელმა მსოფლიომ იხილა. ვგულისხმობ, იგივე ტელეკომპანია „იმედის“ დარბევას პირდაპირ ეთერში. ამაზე ადამიანმა როგორ უნდა მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება, ჩემთვის პირადად სრულიად წარმოუდგენელია.
საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა შევახსენო, რომ როდესაც ვსაუბრობთ მსჯავრდებულ სააკაშვილზე, ის იყო მათ შორის მთავარსარდალი, ამ ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურობასთან ერთად და ყველას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ ამ ადამიანმა საკუთარი ნებით, ფაქტობრივად, უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. დღეს ეს ადამიანი არ არის საქართველოს მოქალაქე და ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობის არავითარი სამართლებრივი ბერკეტი არ აქვს. ის არ არის ამ პარტიის პოლიტიკური წევრიც. შესაბამისად, კიდევ ერთხელ დასტურდება, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის არაფორმალურად მართული პოლიტიკური გაერთიანება, მათ შორის უცხო სახელმწიფოს მოქალაქის მიერ, რაც ვფიქრობ, ნათელი მაგალითია, როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტია. ალბათ საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ საკმაოდ მკაცრ პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს არაფორმალურად მართულ პოლიტიკურ გაერთიანებას. რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და განცხადებებს, ვუსურვებ საუკეთესო ჯანმრთელობას.
ჩვენთან პატიმრები არ იყოფიან იმ ნიშნით, როგორი იქნება მათი პოლიტიკური აქტივობა. ის ახლაც პოლიტიკურად აქტიურია და არის კლინიკა „ვივამედში“. როდესაც იქნება ექიმების დასკვნა, ის იქნება გადაყვანილი პენიტენციურ დაწესებულებაში. რა შუაში არის პოლიტიკა და კლინიკა ერთმანეთთან? ის ახლა თავისუფლებაში კი არ არის, ის არის პატიმარი, რომელიც გადის მკურნალობის კურსს და როდესაც დასრულდება მკურნალობის კურსი, უნდა იყოს დაბრუნებული პენიტენციურ დაწესებულებაში. ეს არის ორჯერ ორი ოთხი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.