ნიკა მელია: სააკაშვილმა დღეს თქვა ერთი, ხაბეიშვილმა მეორე – როდესაც შენ გინდა თანამშრომლობა, საბჭოდან არ ყრი ხალხს
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ნიკა მელია მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და პარტიის მოქმედი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა.
“არსებობს 40 000 პარტიის მხარდამჭერის ხელმოწერა, რომელიც გამოსავლის სახით არის ნაჩვენები, აპირებენ საერთოდ განხილვას ამ ინიციატივის? აპირებენ რომ ასახონ ეს ინიციატივა, ნაწილობრივ მაინც მანიფესტში? ეთანხმებიან სააკაშვილს, რომ პარტიის პოლიტსაბჭოდან ხალხი არ უნდა გაყრილიყო? ადამიანს რომელსაც სურს თანამშრომლობა ის არ ესაუბრება ათიათასობით თანამოაზრეს, ჯერ კიდევ, ყოველ შემთხვევაში ფორმალურად პარტიის წვერებს “მგლის ბილეთების” გადაცემით, ასე არ იქცევიან. როდესაც შენ გინდა თანამშრომლობა, საბჭოდან არ ყრი ხალხს, როდესაც შენ ამ შეცდომას დაუშვებ, შეგიძლია აღიარო ეს შეცდომა და ამის შემდეგ მოგიგვარდება ეს პრობლემა. მაგრამ შეცდომაში, რბილად რომ ვთქვათ გაჯიუტებას აქვს ადგილი. მარტივად რომ შევაფასოთ, სააკაშვილმა დღეს თქვა ერთი, ხაბეიშვილმა თქვა მეორე”, – ამბობს მელია.
ცნობისთვის, სააკაშვილის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში“ საერთო ენის გამონახვა უნდა შეძლონ. სააკაშვილმა ასევე ისაუბრა პარტიის პოლიტსაბჭოს შესახებ და აღნიშნა: „ჩემს თავზე ვიღებ პოლიტიკური საბჭოს კოორდინაციას. დღევანდელი პოლიტსაბჭო კიდევ უფრო ლეგიტიმური გახდება, თუ ადრე არჩეულ ხალხსაც დავაბრუნებთ“.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, ნიკა მელია პარტიიდან ამ დროისთვის, ფაქტობრივად, მისივე გადაწყვეტილებით, გარიცხული და გარიყულიცაა.