ირაკლი ქადაგიშვილი: სააკაშვილი ცდილობს, პარტიის ლიდერის ფუნქცია დაიბრუნოს

“სააკაშვილი ცდილობს, პარტიის ლიდერის ფუნქცია დაიბრუნოს. არ მგონია, ამით რაიმე კონკრეტული გამოუვიდეს”,- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკაში ახლის თქმის საშუალება არ აქვს, თუმცა პარტიის შიგნით ბრძოლის ნიუანსებს ფლობს.

„სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია ისტორიაში არიან ჩარჩენილი. ჯერჯერობით ისეთი ელექტორალური რესურსი აქვთ, რაც მათ პოლიტიკურად აცოცხლებთ. ალბათ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ასეთი შეძახილები მიმართულია იქითკენ, რომ ის ელექტორატი მაინც შეინარჩუნონ, რაც მათ ჯერ კიდევ აქვთ. მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკაში ახლის თქმის საშუალება არ აქვს, თუმცა პარტიის შიგნით ბრძოლის ნიუანსებს ფლობს. ხედავს, რომ პარტიაში მისი საჭიროება დიდად არ არის. მისი სახელი სიმბოლოდ სჭირდებათ, ხოლო მმართველობა და რეალური ბერკეტები სხვადასხვა ჯგუფს უნდათ, რომ ჰქონდეთ. სააკაშვილი ცდილობს, მისი, როგორც პარტიის ლიდერის, ფუნქცია დაიბრუნოს. არ მგონია, ამით რაიმე კონკრეტული გამოუვიდეს.

როგორც ჩანს, ნიკა მელია მაინც ცალკე გავა და ელოდება, ეს მაშინ გააკეთოს, როცა მაქსიმალურად მეტი პარტიული შიდა რესურსის გატანა შეეძლება გარეთ. ის ნაწილი, რომელიც ხაბეიშვილს აცოცხლებს, ფიქრობს, რომ ეს პარტია და მისი ამომრჩეველი ერთი კუთხით იყოს დაკავშირებული სააკაშვილთან და ლოზუნგად ჰყავდეთ, ხოლო საარჩევნო სია და ფინანსები მათი ნება-სურვილით გადანაწილდეს. როგორც სააკაშვილის პერსონას იყენებს მისი პარტია, ისიც შეეცდება, თავი ადვილად არ გამოაყენებინოს. მისი განცხადებები ნიშნავს, რომ ამ პარტიაში თუ არ იქნება განმსაზღვრელი ძალა, ზურგს შეგაქცევთ და ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩევლის დიდ ნაწილს დააკარგვინებს, რადგან ვინც ხუთ ნომერს ხაზავს, მაინც სააკაშვილის ამომრჩეველია“, – განუცხადა ქადაგიშვილმა “პირველ არხს”.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ საერთო ენის გამონახვა უნდა შეძლონ. სააკაშვილმა ასევე ისაუბრა პარტიის პოლიტსაბჭოს შესახებ და აღნიშნა: „ჩემს თავზე ვიღებ პოლიტიკური საბჭოს კოორდინაციას. დღევანდელი პოლიტსაბჭო კიდევ უფრო ლეგიტიმური გახდება, თუ ადრე არჩეულ ხალხსაც დავაბრუნებთ“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები