რატი ბრეგაძე: როგორ შეიძლება, „ქართულ ოცნებას“ არ გახარებოდა ევროკომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაცია, როცა ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ 12-ვე პუნქტი საფუძვლიანად შესრულებულიყო
როგორ შეიძლება, „ქართულ ოცნებას“ არ გახარებოდა ევროკომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაცია მაშინ, როდესაც ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ 12-ვე პუნქტი საფუძვლიანად შესრულებულიყო, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მინისტრის თქმით, მთლიანად პოლიტიკურმა გუნდმა გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანისკენ გადადგმულიყო ძალიან დიდი და ქმედითი ნაბიჯი.
„რაც შეეხება, მაგალითად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის იმ იარლიყის მიწებებას, თითქოს ის არის პრორუსული, ანტიევროპული და არაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე, პასუხი ძალიან მარტივია. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დასრულების შემდეგ შესაძლებელი გახდა, რომ საქართველოს მიეღო მაგალითად, უვიზო რეჟიმი, გაფორმებულიყო სავაჭრო ხელშეკრულება ევროკავშირთან და ახლა, ბოლოს ჩვენ ყველამ ერთობლივად ვიხილეთ, როგორ წარმატებას მიაღწია ქვეყანამ, როდესაც ევროკომისიამ გაუწია ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.