“რეალურად, ოპოზიციური პარტიები უყურებენ რეიტინგებს და ეს რეიტინგები მათ არ აძლევს ოპტიმიზმის საფუძველს” – ირაკლი კობახიძე
რეალურად, ოპოზიციური პარტიები უყურებენ რეიტინგებს და ეს რეიტინგები მათ არ აძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. თუმცა, ისინი ფიქრობენ, რომ თუ ბარიერი იქნება დაწეული, „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები ერთობლიობაში მოახერხებენ დაახლოებით იმდენი პროცენტის მიღებას, რამდენსაც „ქართული ოცნება“ მიიღებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირას“ განუცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის არის მხოლოდ 4 ქვეყანა, სადაც 3%-იანი ან უფრო დაბალი ბარიერი მოქმედებს.
“სხვა სახელმწიფოებში მოქმედებს 5%-იანი ან უფრო იშვიათად 4%-იანი ბარიერი. იმიტომ რომ პროგრესიული სისტემის პირობებში, რაღაცამ უნდა დააბალანსოს ის პრობლემა რასაც ჰქვია შესაძლო არასტაბილურობა პოლიტიკურ სისტემაში და მთავარი სტაბილიზატორი პროპორციულ სისტემებში არის სწორედ 5%-იანი საარჩევნო ბარიერი. ჩვენც გვჭირდება ეს სტაბილიზატორი. ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა დემოკრატიულ პროცესებში და სწორედ ამას ემსახურება ის 5%-იანი ბარიერი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით არის დადგენილი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.