სოზარ სუბარი: რადიკალურ ოპოზიციას არც 12 რეკომენდაციის შესრულებაში მიუღია მონაწილეობა და დარწმუნებული ვარ, მათი უმრავლესობა არც 9 პრიორიტეტის შესრულების პროცესში ჩაერთვება
ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, 12 რეკომენდაციის ფარგლებში 100-ზე მეტი კანონპროექტი იყო მიღებული და არც ერთ მათგანზე რადიკალური ოპოზიციის უმრავლესობის ხმა არ ფიქსირდება, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ევრო დირექტივების შესრულების მიზნით, პარლამენტმა 100-ზე მეტი კანონი მიიღო და არც ერთ მათგანის დამტკიცებაში რადიკალურ ოპოზიცია არ მონაწილეობდა.
„ოპოზიციას არც 12 რეკომენდაციის შესრულებაში მიუღია მონაწილეობა და დარწმუნებული ვარ, მათი უმრავლესობა არც აქ მიიღებს. ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, 12 რეკომენდაციის ფარგლებში, 100-ზე მეტი კანონპროექტი იყო მიღებული და არც ერთ მათგანზე რადიკალური ოპოზიციის უმრავლესობის ხმა არ ფიქსირდება. არ მიუციათ ხმა რამდენიმე გამონაკლისის გარდა, პიროვნული გამონაკლისისა და ერთი-ორი პარტიის გარდა, მაშინ როდესაც ეს ყველაფერი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობამ და ერთი-ორი ოპოზიციური პარტია იყო, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა. 100-ზე მეტი კანონი ცოტა რომ არ არის, მოგეხსენებათ.
რაც შეეხება 9 პრიორიტეტს, კიდევ არის უზარმაზარი სამუშაო ჩასატარებელი, რადგან ევროკავშირის წევრობას სჭირდება 6 დიდი პაკეტი, რომელიც 36 ქვეპუნქტად არის ჩაშლილი. კიდევ ერთხელ რომ ვამხილოთ „ნაციონალური მოძრაობის“ სიცრუე, რომ თითქოს, ისინი ევროპისკენ მიისწრაფოდნენ, არა მარტო ადამიანის უფლებების კატასტროფული მდგომარეობითა და ავტორიტარიზმით იყვნენ ისინი აბსოლუტურად შორს ევროპისგან, არამედ იმ 36 პუნქტიდან ნახევარი მაინც არის ისეთი, რომელზეც პირდაპირ ამბობდნენ, ეს მათთვის მიუღებელია. მაგალითად, შრომის უფლებები, მომხმარებელთა უფლებები, რომელიც ქვეყანაში გაუქმებული ჰქონდათ. მაგალითად სასურსათო და სამშენებლო უსაფრთხოება. მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა ვიყავით, სადაც მანქანების ავტოტექ. დათვალიერებაც კი გააუქმეს“, – განაცხადა სუბარმა.