არჩილ თალაკვაძე: „ოცნების“ პირობებში მივაღწიეთ ასოცირების ხელშეკრულებას, მივიღეთ უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა, დეკემბერში ველით სტატუსს – ეს შედეგები უკვე ჩაიწერა ისტორიაში და ამას ვერცერთი პარტია ვერ შეცვლის

„ოცნების“ პირობებში მივაღწიეთ ასოცირების ხელშეკრულებას, მივიღეთ უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა, დეკემბერში ველით სტატუსს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ განმარტა, მიღწეული შედეგები უკვე ჩაიწერა ისტორიაში და ამას ვერც „ლელო“ და ვერც სხვა ოპოზიციური პარტია ვერ შეცვლის.

„ისტორია არის შემდეგი: „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, წლების განმავლობაში, ხალხის მხარდაჭერით, საქართველომ მიაღწია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელის პრემიერ-მინისტრის სტატუსით, მიიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა ევროპასთან, მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, ეს იყო პირველი მაღალი დონის აღიარება, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. ახლა მივიღეთ „მწვანე შუქი“, დადებითი შეფასება და დეკემბერში ველით კანდიდატის სტატუს – ეს არის საქმე. ამის გადათარგმნა – გადმოთარგმნაში ვერაფერი ვერ დაიკარგება და ამ ისტორიას ვერ გადაწერს ვერც „ლელო“ და ვერც სხვა პოლიტიკური პარტია, რადგან ეს უკვე მოხდა და ეს უკვე არის ისტორია.

ოპოზიციას ევალებოდა პოლარიზაციის შემცირება, საქმიანი პოლიტიკის წარმოება და პარლამენტში სიარული. არჩევნების შემდეგ, როდესაც ქვეყანას სჭირდებოდა ქმედითი, დემოკრატიული პარლამენტი, ეს ხალხი პარლამენტში 8 თვის განმავლობაში ვერ შემოვიყვანეთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები