საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბჭოს სხდომაზე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მისიის უფროსის მოადგილე – კლერ ოლბლესი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი კავკასიაში – ალკის ვრენიოს დრაკინოსი.
სხდომის მონაწილეებს ინვესტორთა საბჭოს მდივანმა, გიორგი ჩერქეზიშვილმა როგორც წინა სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების, ისე, ზოგადად, საბჭოს საქმიანობის დინამიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე. პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ისტორიულია და ქვეყანას ახალ შესაძლებლობებს აძლევს. სხდომის მონაწილეებმა ევროინტეგრაციის გზაზე მიმდინარე რეფორმებში ინვესტორთა საბჭოს ჩართულობაზე იმსჯელეს.
სხდომის მონაწილეებმა ასევე განიხილეს მეწარმეთა შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, მათ შორის, ბიზნესის ხელახალი რეგისტრაციის გადავადების საკითხი. პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, ხელახალი რეგისტრაცია გადავადდება და აღნიშნულ საკითხზე მთავრობა და პარლამენტი აქტიურად იმუშავებს. სხდომაზე ასევე განიხილეს ქართული პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები და იმსჯელეს ახალი ფინანსური ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობის საკითხებზე.
განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო, ეკონომიკური მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ მიღწეული პროგრესი და ის მსხვილი ეკონომიკური პროექტები, რომლებზეც პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით მთავრობის ეკონომიკური გუნდი აქტიურად მუშაობს.