საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ როდესაც საკითხი ეხება საერთაშორისო შეთანხმებებით ნებადართულ კონვენციურ აღჭურვილობას თუ იარაღს, ნებისმიერ ქვეყანას აქვს ამის შეძენის უფლება. ხოლო საქართველოს პოზიციაა, თანაბარ პირობებში, სომხეთსა და აზერბაიჯანს მისცეს შესაძლებლობა, რომ მათ ისარგებლონ იმ სატრანზიტო ფუნქციით, რომელიც საქართველოს აქვს.
„ეს ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ პრეზიდენტ ალიევის საქართველოში ვიზიტისას, პრემიერ ფაშინიანის საქართველოში ვიზიტისას და, ასევე, აზერბაიჯანის პრემიერის საქართველოში ვიზიტისას. საქართველო ორივე ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, თანაბარ პირობებში ისარგებლონ ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციით, ამ შესაძლებლობით, რომ ჩვენი ქვეყანა გამოიყენონ სატრანზიტო თვალსაზრისით. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ეს არის თანაბარ პირობებში. ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება, ჰყავდეს თავდაცვის ძალები და როდესაც საკითხი ეხება საერთაშორისო შეთანხმებებით ნებადართულ კონვენციურ აღჭურვილობას თუ იარაღს, ნებისმიერ ქვეყანას აქვს ამის შეძენის უფლება. საქართველოს პოზიციაა, თანაბარ პირობებში ორივე ქვეყანას მისცეს შესაძლებლობა, რომ მათ ისარგებლონ იმ სატრანზიტო ფუნქციით, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. შესაბამისად, ეს არის ჩვენი პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით და ამ საკითხთან დაკავშირებით ზედმეტი ინსინუაცია თუ წიაღსვლა უადგილო იქნება“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა გადაცემაში “თავისუფალი ხედვა”.