ირაკლი მეზურნიშვილი იაპონიის ელჩს შეხვდა
პარლამენტის კულტურის კომიტეტის, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იშიძუკა ხიდეკის შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.
„იაპონიის ელჩთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. საქართველო და იაპონია კარგი მეგობრები და პარტნიორები არიან. ჩვენ მაღალი დონის ვიზიტი გვქონდა იაპონიაში პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით და ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო ვითარდება. ბატონმა ელჩმა მოგვილოცა ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ იაპონია ევროკავშირის ძალიან ძლიერი პარტნიორია და აქედან გამომდინარე, მისი ქვეყანა საქართველოს მაქსიმალურად დაუჭერს მხარს ინტეგრაციის პროცესში და ამ მიმართულებით ყველა ნაბიჯის გადადგამს, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდეს”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი მეზურნიშვილმა.
როგორც პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, შეხვედრაზე განხილული იყო რამდენიმე კონკრეტული პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები.
„კასპში იგეგმება მუსიკალური ფესტივალის ჩატარება ცნობილი იაპონელი პიანისტის მონაწილეობით. ძალიან საინტერესო იქნება აღნიშნული ღონისძიების გამართვა იმ რეგიონში, სადაც ოკუპირებული სოფლებია და ეს ფესტივალი მნიშვნელოვანი სამშვიდობო გზავნილებით იქნება. ასევე, ჩვენ გვაქვს დიდი ინტერესი, რომ ჩავატაროთ იაპონური ფილმების ფესტივალი საქართველოში. ზოგადად, ბატონ ელჩს აქვს ბევრი იდეა და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს და კულტურის სფეროში, რაც ძალიან გვაერთიანებს საქართველოს და იაპონიას, ბევრი საინტერესო აქტივობა გვქონდეს”, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.